ასტონ მარტინი, ბრაბუსი, შეზღუდული გამოშვების მოდელი, საიუბილეო მოდელი, ბრაბუს ბოდო
Aa
Aa

Brabus-მა წელს ყველაზე ექსტრემალური V12 Grand Tourer-ი შექმნა

Brabus Bodo 1 000 ცხენის ძალის მქონე ავტომობილია, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის პატივსაცემად მხოლოდ 77 ეგზემპლარად გამოვა.

Brabus-მა სრულად ახალი ჰიპერქარი წარადგინა, რომელიც ერთი შეხედვით შესაძლოა “ბეტმენის” ფილმის პერსონაჟიც კი გეგონოთ, თუმცა ასე ნამდვილად არაა. ეს იშვიათი მოდელი Brabus Bodo გახლავთ — 1 000 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის, ბოდო ბუშმანის პატივსაცემად შეიქმნა. ავტომობილის წარმოება მხოლოდ 77 ეგზემპლარით შემოიფარგლება, ხოლო მისი ღირებულება მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

მომხმარებელს მოდელის ნებისმიერ ფერში შეკვეთა შეუძლია, თუმცა პირველი ეგზემპლარი, შასის ნომრით 01, შავ ფერშია შესრულებული — ისე, თითქოს ეს მდიდრული ავტომობილი რომელიმე სუპერბოროტმოქმედის ავტოფარეხიდან იყოს “გამოქცეული”. ნებისმიერ შემთხვევაში, Brabus Bodo შექმნილია იმისთვის, რომ გზებზე შეუმჩნეველი არ დარჩეს, როგორც თავისი ვიზუალით, ასევე შესაძლებლობებით.

ავტომობილის კორპუსი მთლიანად შავი კარბონის ბოჭკოსგანაა დამზადებული და ალუმინის სტრუქტურაზეა აგებული. ამ მოდელში კარბონი ისეთ დეტალებშიც კი გვხვდება, როგორებიცაა ჰაერის მიმღები და ძრავის საფარები. Brabus-მა ესეც არ იკმარა და Bodo-ს კარბონში ოქროს ნაწილაკებიც შეურია. რეალურად, ოქროს აქცენტების დამატებას ავტომობილისთვის რაიმე პრაქტიკული საჭიროება არ აქვს, თუმცა მის ექსკლუზიურობასა და ექსტერიერის უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

Brabus Bodo-ს კაპოტქვეშ მფლობელებს ტვინ-ტურბო 5.2-ლიტრიანი V12 ძრავი დახვდებათ, რომელიც 1 000 ცხენის ძალას და 1 200 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა დაახლოებით 1 910 კილოგრამს იწონის, ავტომობილის 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად სამ წამზე ოდნავ მეტი სჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 360 კმ/სთ-ს აღწევს.

ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ახერხებს ნამდვილ Grand Tourer-ად დარჩენას — აქვს უკანა სავარძლები, საბარგულისთვის საჭირო სივრცე და კომფორტი. ამას კი დაუმატეთ მასიური V12 ჰიბრიდული ძრავებით სავსე სამყაროში, რომელიც საოცრად არ შეესაბამება თანამედროვე რეალობას და, ამავდროულად, ამ Brabus-ის მთავარი ხიბლიცაა.

დიზაინით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება იმის თქმაც, რომ Bodo აშკარად Aston Martin Vanquish-ზეა დაფუძნებული — განსაკუთრებით ფანჯრების ხაზში, თუმცა Brabus-მა ამ მოდელს სრულად განსხვავებული სტილი შესძინა. წინა ნაწილი ბევრად მკვეთრი და აგრესიული შესახედაობისაა, ხოლო უკანა მხარე, ნავისებური დიზაინითა და აქტიური სპოილერით, ოდნავ Porsche 911-საც გვაგონებს. უზარმაზარ 21-დუიმიან Monoblock დისკებზე მდგომი Bodo კი თითქოს 2005 წლის Maybach Exelero-ს თანამედროვე ვერსიას ჰგავს.

Aston Martin-თან მსგავსება ინტერიერშიც იგრძნობა — მათ შორის, ინფორმაციულ-გასართობ სისტემასა და გადამრთველებში, რომლებიც თითქოს კომპანიამ Vanquish-დან გადმოიტანა. თუმცა Brabus-მა მაინც დიდი ძალისხმევა გასწია: დაამატა კარბონის დეკორი, უზარმაზარი პანორამული სახურავი, გამოიყენა ახალი ტყავი და ა.შ.

როგორც გითხარით, ეს სუპერექსკლუზიური მოდელი კომპანიის დამფუძნებელს ეძღვნება და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოდის. მხოლოდ 77 ეგზემპლარის წარმოება კომპანიის დაარსების წელს, 1977-ს უკავშირდება, რაც ამ ავტომობილს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. სხვადასხვა საავტომობილო გამოცემის თანახმად, მოდელის ღირებულება 1 მილიონი ევროდან იწყება და თუ Brabus-ის „კლასიკურ“ მომხმარებლებსაც გავიხსენებთ, ალბათ კომპანიას 77-ვე ეგზემპლარის გაყიდვა არ გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები