მაღალი სიჩქარე, აშშ, სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოება, ეს იუ ვი, რეკლამა
Aa
Aa

ახალი კვლევის თანახმად, სიჩქარით გატაცებას ხელს საავტომობილო რეკლამები უწყობენ

აშშ-ის საავტომობილო ბაზარი პარადოქსულობით ყოველთვის გამოირჩეოდა — საქმე ახლაც სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები ზომაში იზრდება და ტრადიციული სპორტული მოდელები ასორტიმენტიდან ქრება, რეკლამებში აქცენტი სიჩქარესა და სიმძლავრეზე უფრო მეტად კეთდება, ვიდრე ოდესმე.

გზატკეცილების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის (IIHS) ახალი კვლევა  ავტომწარმოებლებს ამერიკული „სიჩქარის კულტურული აკვიატების“ გაღვივებაში პირდაპირ ადანაშაულებს.

IIHS-ის ანალიტიკოსებმა 2 500-ზე მეტი სატელევიზიო და ციფრული რეკლამა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მარკეტინგული მასალების 43%-ში მთავარი თემა სწორედ ავტომობილის პერფორმანსია (სიმძლავრე, მანევრირება, მოჭიდება). ამის საპირისპიროდ, უსაფრთხოების ასპექტებს ყურადღებას რეკლამების მხოლოდ 8% უთმობს. საინტერესოა, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით SUV-ებისა და პიკაპების სეგმენტში გაიზარდა: თუ 2018 წელს ამ კლასის რეკლამების 28% იყო ორიენტირებული სიმძლავრეზე, 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი 45%-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციის პრეზიდენტის თქმით, რეკლამებში პროფესიონალი მძღოლების მიერ შესრულებული აგრესიული მანევრები, მიუხედავად მცირე შრიფტით დაწერილი გაფრთხილებებისა, მომხმარებელს უბიძგებს, რომ რეალურ გზებზეც ანალოგიურად მოიქცეს.

კვლევა ხაზს უსვამს, რომ სიჩქარის გადაჭარბებას საზოგადოებაში არ აქვს ისეთივე ნეგატიური სტიგმა, როგორც, მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მართვას, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 61% საკუთარ თავს „მუდმივ ან პერიოდულ დამრღვევად“ მიიჩნევს.

მართალია, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამერიკულ გზებზე არსებულ კრიზისში (სადაც მხოლოდ 2024 წელს სიჩქარის გამო 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა) ბრალი მხოლოდ მარკეტინგს არ მიუძღვის და ინფრასტრუქტურაც დიდ როლს თამაშობს, თუმცა IIHS მაინც მოუწოდებს მაუწყებლებსა და მწარმოებლებს, უფრო მკაცრი სტანდარტები დააწესონ, როგორც ეს დიდ ბრიტანეთშია მიღებული.

თქვენი აზრით, რამდენად ახდენს გავლენას აგრესიული სარეკლამო რგოლები და საავტომობილო კონტენტი რეალურ გზებზე მძღოლების ქცევაზე, თუ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტსა და კანონის აღსრულებაშია?

მსგავსი სიახლეები