ვიდეო: ქვიშაში ჩაფლული Tesla Cybertruck-ი საოჯახო მინივენმა გადაარჩინა
სოციალურ ქსელებში ამ უქმეებზე ვირუსულად გავრცელდა 36-წამიანი ვიდეო, რომელიც ინტერნეტ-ხუმრობებისთვის შესანიშნავ მასალას იძლევა. ფუტურისტული, ყველგანმავალი და ყოვლისშემძლე იმიჯის მქონე 3-ტონიანი ელექტრო პიკაპი, Tesla Cybertruck-ი, პლაჟის ქვიშაში გაიჭედა, საიდანაც ის ჩვეულებრივმა საოჯახო მინივენმა, Toyota Sienna-მ მარტივად ამოიყვანა.
თუმცა, თუ ვიდეოს საინჟინრო და უსაფრთხოების კუთხით შევხედავთ, სიტუაცია საკმაოდ სახიფათო იყო. პირველ რიგში, მთელი ეს „სამაშველო ოპერაცია“ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დარღვევით მიმდინარეობდა — უამრავი ადამიანი ახლოს იდგა დაჭიმულ ბაგირთან, რომლის გაწყვეტის შემთხვევაშიც მძიმე ტრავმისგან დაზღვეული არავინ იქნებოდა. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებად გამოყენებული ხის ბოძები Cybertruck-ის უზარმაზარი წონისა და მაბრუნი მომენტის პირობებში, შესაძლოა, ნამდვილ ჭურვად ქცეულიყო.
აღსანიშნავია Sienna-ს მძღოლის პროფესიონალიზმიც, რომელმაც ზედმეტი აგრესიის გარეშე, ნაზი აქსელერაციით, მძიმე პიკაპი ქვიშიდან წამებში გამოიყვანა (თანაც, Tesla-ს მძღოლის მიერ საჭის აქეთ-იქით ტრიალი და ქვიშის ფანტვა საქმეს უფრო ართულებდა).
რეალურად, ქვიშაში Cybertruck-ის მთავარი მტერი მისივე წონაა, რაც საბურავების ზედაპირზე „ტივტივს“ თითქმის შეუძლებელს ხდის, თუკი მძღოლმა წინასწარ არ იცის, როგორ მართოს ავტომობილი ასეთ რელიეფზე (მაგალითად, საბურავებში წნევის დაწევით).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს