ჩვენი დროის Ferrari F40? იხილეთ ახალი Kimera K39
საავტომობილო სამყაროში ისეთი კოლაბორაციები, როგორიც Kimera x Koenigsegg-ია, ნამდვილ სენსაციას იწვევს ხოლმე. კრისტიან ფონ კიონიგსეგი საკუთარი კომპანიის „გულს“ — მის ლეგენდარულ ძრავას — როგორც წესი, ნებისმიერ მსურველს არ უნაწილებს. ამიტომ, ახალი იტალიური ჰიპერქარი Kimera K39 აშკარად განსაკუთრებული პროექტია.
განსხვავებით Kimera-ს წინა მოდელებისგან (EVO37 და EVO38), რომლებიც Lancia 037-ის ტუნინგ-ვერსიებს წარმოადგენდნენ, K39 სრულიად ახალი, ნულიდან შექმნილი ავტომობილია. მას ნახშირბადის ბოჭკოს მონოკოკი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი და უკანა ამძრაობა გამოარჩევს. დიზაინის ინსპირაცია 1980-იანი წლების გამძლეობის რბოლებიდან მოდის, კონკრეტულად კი Lancia Beta Montecarlo Turbo-დან.


პროექტის მთავარი ღირსშესანიშნაობა Koenigsegg Jesko-სგან ნათხოვარი 5.0-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ძრავაა. Kimera-სთვის ის სპეციალურად გადააკეთეს: დაუყენეს Agera-ს უფრო მცირე ზომის, სწრაფი ტურბინები და ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რათა ავტომობილმა 986 ცხენის ძალა და 1200 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი ჩვეულებრივი, 95-ოქტანიანი საწვავით გამოიმუშაოს. ჰიპერქარის სამიზნე წონა სულ რაღაც 1 100 კილოგრამია.

ავტომობილის დიზაინი საკმაოდ აგრესიულია. წინა ნაწილში შენარჩუნებულია Lancia-ს სტილის ოთხი LED მაშუქი, რომელთა შუაგულიდანაც, ნამდვილი თეატრალური ეფექტით, ძველი სტილის Pop-up მაშუქები გამოდის. უკანა ნაწილი კი თავისი ფორმებითა და პროპორციებით ლეგენდარულ Ferrari F40-ს მოგაგონებთ. K39 საწყის ეტაპზე Cima-ს 7-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით აღიჭურვება, ხოლო აეროდინამიკურ პაკეტზე Dallara-ს ინჟინრები იმუშავებენ.

მოდელის ვიზუალის მსოფლიო დებიუტი Villa d'Este-ს გამოფენაზე შედგა, თუმცა Kimera-ს დამფუძნებელი, ლუკა ბეტი გვპირდება, რომ სრულფასოვან, მომუშავე ავტომობილს აგვისტოში, კალიფორნიის საავტომობილო კვირეულზე ვიხილავთ. კომპანია ასევე გეგმავს, 10 ეგზემპლარად გამოუშვას კიდევ უფრო გიჟური, მხოლოდ ტრეკისთვის განკუთვნილი ვერსია K39 Pikes Peak-ი. საგზაო მოდელი, სავარაუდოდ, სულ 50-დან 100 ერთეულამდე აიწყობა, ხოლო ფასი 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბებს.

როგორ ფიქრობთ, გაამართლებს თუ არა ეს იტალიურ-შვედური კოლაბორაცია მოლოდინს და იქცევა K39 ჩვენი დროის საუკეთესო ანალოგურ ჰიპერქარად, თუ 2 მილიონი ფუნტი ყოფილი ტუნერების პროექტისთვის მაინც ზედმეტად ამბიციური ფასია?