სიურპრიზი M-დივიზიონისგან: ახალი BMW M3 CS მექანიკური გადაცემათა კოლოფით ბრუნდება
BMW-ის ამჟამინდელი თაობის მესამე სერია წარმოების დასასრულს უახლოვდება. სრულად ელექტრო i3-ის წარდგენის შემდეგ, მიუნხენი ახლა უკვე რამდენიმე თვეში თავისი შიგაწვის ძრავის მქონე ანალოგის დებიუტისთვის ემზადება. ეს ნიშნავს, რომ M3-ის (G80) სპორტული სედანი მალე ისტორიას ჩაბარდება, თუმცა სანამ ეს მოხდება, M-დივიზიონი ავტომოყვარულებისთვის ლიმიტირებულ, ფინალურ ვერსიას გამოუშვებს.

გერმანული ავტომწარმოებელი 2027 წლისთვის BMW M3 CS-ს გააცოცხლებს, თუმცა ამჯერად მას 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვავს. Competition Sport-ის სპეციალური ვერსიისგან განსხვავებით, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფით გამოდიოდა, ახალი, მძლავრი M3 გადაბმულობის სატერფულით იქნება შემოთავაზებული. ფინალურ ვერსიას კი სახელში შესაბამისი სიტყვაც დაემატება — Handschalter-ი, რაც გერმანულად „ხელით გადართვას“ ნიშნავს.

აქვე აუცილებელია, რომ ძველ და ახალ M3 CS-ს შორის მთავარ განსხვავებებზეც ვისაუბროთ: მაგალითად, 2023 წლის M3 CS გერმანელებმა ხაზის წამყვან მოდელზე — M3 Competition xDrive-ზე დააფუძნეს. ავტომობილი 3-ლიტრიანი ტვინ-ტურბო ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 543 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ-მეტრ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებდა. ახალი M3 CS Handschalter-ი კი საბაზისო, უკანაამძრავიან ვერსიაზე დაფუძნდა — ეს უკანასკნელი 473 ცხ.ძ-სა და 550 ნიუტონ-მეტრს აღწევს.

საბაზისო M3-თან შედარებით მთავარი უპირატესობა ამ მოდელის წონის დაახლოებით 35 კილოგრამით შემცირებაა. წონის შემცირებისთვის გერმანული კომპანია კარბონით გამაგრებულ პლასტმასს იყენებს, მაყუჩთან, ჭედურ დისკებთან და კარბონის ერთადგილიან სავარძლებთან ერთად. ეს დეტალები საბაზისო კომპლექტაციაშივე შედის და წონას 19 კილოგრამით ამცირებს. თუმცა, თუ მფლობელებს სრულად 35-კილოგრამიანი „კლების“ მიღება სურთ, მაშინ მყიდველმა დამატებით კარბონ-კერამიკული მუხრუჭები უნდა შეუკვეთოს.
ავტომობილის ზუსტი წონა არ გახმაურებულა, თუმცა გამოთვლების მიხედვით ის დაახლოებით 1 708 კილოგრამს აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ის 2018 წელს გამოშვებულ მოდელთან — წინა თაობის (F80) M3 CS-თან — შედარებით საკმაოდ მძიმეა. BMW-ის განცხადებით, ახალი M3 CS მექანიკური გადაცემათა კოლოფით 100 კმ/სთ-ს 4.1 წამში ავითარებს, რაც საბაზისო M3-ზე სწრაფი არ არის. M Driver’s Package-ის პაკეტის წყალობით კი ეს მოდელი 290 კმ/სთ-ს აღწევს.

რაც შეეხება ღირებულებას: ავტომწარმოებელი ახალ მოდელს ორ რეტრო ფერში — Techno Violet (იასამნისფერი) და Imola Red (წითელი) გვთავაზობს, თუმცა ამისთვის მომხმარებელმა დაახლოებით $4 500 უნდა გადაიხადოს. ასევე ხელმისაწვდომია სტანდარტული ფერები — Black Sapphire ან Isle of Man Green-ი. დამატებითი ოპციების გარეშე, M3 CS-ის საწყისი ფასი $108 450-დან იწყება, რაც თითქმის $28 000-ით ძვირია საბაზისო M3-ზე.