Ford-ი ევროპის ბაზრისთვის შვიდ სრულიად ახალ ავტომობილს უშვებს
ურაბნული ელექტრომობილით დაწყებული, Ranger Super Duty-თა და რალის მემკვიდრეობით შთაგონებული ხუთი სრულიად ახალი მოდელით დასრულებული.
როგორც ჩანს, Ford-ი ევროპის ბაზარს დიდი სერიოზულობით ეკიდება — ყოველ შემთხვევაში, ავტომწარმოებლის გეგმები ამაზე მიუთითებს. ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ამბიციური, 3-წლიანი გეგმა წარადგინა: შვიდი ახალი ავტომობილი, ბიზნესისთვის განკუთვნილი ციფრული ეკოსისტემა და ახალი გლობალური პლატფორმა სახელწოდებით Ready-Set-Ford-ი. ეს უკანასკნელი სამ ძირითად საყრდენზე — სამუშაო პროცესზე, შესრულებასა და თავგადასავლებზეა ორიენტირებული.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
Ford-ის სრულად ახალი სტრატეგია ორ პარალელურ მიმართულებას მოიცავს: ერთი მხრივ, ეს არის Ford Pro — კომერციული ბრენდი, რომელიც უკვე ზედიზედ 11 წელია ევროპის ბაზრის ლიდერია, და მეორე — მსუბუქი ავტომობილების ხაზის ხუთი ახალი მოდელით განახლება, რომელთა დიზაინიც Ford-ის რალის დნმ-ითაა შთაგონებული.
ახალი სტრატეგიით, Ford Pro აღარ პოზიციონირდება როგორც მხოლოდ სტანდარტული, კომერციული მწარმოებელი. მისი მიზანია, გახდეს ევროპული ბიზნესის სრულფასოვანი პარტნიორი და ავტომობილებიდან მიღებული ციფრული მონაცემები ეკონომიკურ ღირებულებად აქციოს. ამ გეგმით, Ford Pro-ს EBIT-ის 25% პროგრამულ უზრუნველყოფასა და სერვისების ხარჯებზე უნდა მოდიოდეს. ცნობისთვის, 2026 წლის პირველ კვარტალში ფასიანი პროგრამული უზრუნველყოფის გამოწერები უკვე 30%-ით გაიზარდა და მსოფლიო მასშტაბით 879 000-ს მიაღწია.

ამ ცვლილების მთავარი მამოძრავებელი კი Uptime Services-ია — დაკავშირებადობისა და დიაგნოსტიკის სისტემა, რომელიც ავტომობილის მდგომარეობას რეალურ დროში აკონტროლებს. 2019 წლიდან გაყიდულ ყველა Ford Pro-ს აქვს ჩაშენებული მოდემი; მისი საშუალებით დღეს 1.2 მილიონზე მეტი ევროპელი მომხმარებელი უკვე სისტემაშია ჩართული. მხოლოდ 2024 წელს სისტემამ მომხმარებლებს თითქმის ერთი მილიონი დამატებითი დღე უზრუნველყო.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება კი მცირე ბიზნესებს ეხება: ახალი Dealer Uptime Services-ის პროგრამით, Ford-ის ნებისმიერ დილერს შეეძლება ავტოპარკის მენეჯერის როლი შეითავსოს. ის შეძლებს, დააკვირდეს ავტომობილის სტატუსს, დაუკავშირდეს მომხმარებელს პრობლემის გამოვლენამდე და ნაწილები წინასწარ მოამზადოს. საპილოტე მცდელობამ აჩვენა, რომ ეს შეკვეთებისთვის საჭირო დროს 50%-ით ამცირებს.

Ranger Super Duty ევროპაში ზედიზედ 11 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი პიკაპის სუპერექსტრემალური ვერსიაა. ის განკუთვნილია ისეთი მძიმე და სპეციფიკური სამუშაოებისთვის, როგორებიცაა სამაშველო სამსახურები, სამთო-მოპოვებითი, სამხედრო სექტორი და ა.შ. ავტომობილის სრული დასაშვები წონა 8 ტონაა, მას შეუძლია 4.5 ტონამდე ტვირთის ბუქსირება და 2 ტონამდე ტვირთის გადატანა. ამის პარალელურად კი, Transit City სრულად ელექტრო ფურგონია, შექმნილი ურბანული ავტოპარკისთვის. ის გასაყიდად 2026 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.
დამატებით ხუთი მსუბუქი ავტომობილი კი რალის დნმ-ით დაბრუნდება. სრულად ახალი მოდელები სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის 2029 წლის ბოლომდე გამოჩნდება. მათი ვიზუალი ავტომწარმოებლის სპორტული წარსულითა და რალის მემკვიდრეობით იქნება შთაგონებული.

ახალი მოდელების სია ასე გამოიყურება: პირველი Bronco-ს ოჯახის ახალი, ევროპელი წევრია; ასევე კომპაქტური მულტიენერგეტიკული SUV, რომლის წარმოებაც ვალენსიის ქარხანაში 2028 წელს დაიწყება; სუბკომპაქტური (B-სეგმენტის) ელექტრომობილი სპორტქარების მოყვარულთათვის იქნება გათვლილი; ასევე პატარა ზომის ურბანული ელექტრო SUV და ორი მულტიენერგეტიკული ქროსოვერი, რომელთაც 2029 წლისთვის უნდა ველოდოთ.