ვიდეო, ნიურბურგრინგი, მიშა ჩარუდინი, მერსედეს-ეიემჯი ჯითი ესი
Aa
Aa

მიშა ჩარუდინმა მომაკვდავ ავტომოყვარულს ნიურბურგრინგი შემოატარა — „ყველაზე რთული წრე, რომელიც გამივლია“

საავტომობილო კულტურა მხოლოდ რკინის, ცილინდრებისა და წამზომების ერთობლიობა არ არის — ეს უპირველესად ადამიანური კავშირები და საერთო სიყვარულია. ნიურბურგრინგის ცნობილმა პილოტმა და „იუთუბერმა“, მიშა ჩარუდინმა თავის იუთუბ არხზე ალბათ „კარიერის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი წრის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მის ფინელ მეგობარსა და ავტომოყვარულს, არტო ალანენს მიუძღვნა.

არტო ნამდვილი ავტომოყვარულია, რომლის ავტოფარეხსაც უამრავი საინტერესო პროექტი უნახავს — მათ შორის მოდიფიცირებული BMW i4 M50, Ford Focus RS და Honda Civic Type R. თუმცა, მისი სიამაყე ეს გადაკეთებული Mercedes-AMG GT S-ია. ქარხნული ვერსიისგან განსხვავებით, მისი 4.0-ლიტრიანი Biturbo V8 ძრავა ახლა თითქმის 690 ცხენის ძალასა და 900 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

ავტომობილს დამატებული აქვს გაძლიერებული მუხრუჭები და სპეციალური დაკიდების სისტემა, რაც მას ტრეკზე ნამდვილ იარაღად აქცევს. მიშა წლების განმავლობაში სთხოვდა არტოს ამ მანქანას კონტენტის გადასაღებად, თუმცა ეს ბოლო გასეირნება სრულიად სხვა მიზნით შედგა.

ვიდეოში ჩანს, როგორ ზის არტო მგზავრის სავარძელში და მშვიდად, თავმდაბალი ღიმილით ტკბება „მწვანე ჯოჯოხეთის“ ისეთი საკულტო მონაკვეთებით, როგორებიცაა Fuchsrohre, Caracciola Carousel და Pflanzgarten. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, მიშამ მეგობარს უთხრა: „შენთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“, რაზეც ძალიან ემოციურმა არტომ მოკლედ გადაუხადა მადლობა. ეს იყო მისი უკანასკნელი, გამოსამშვიდობებელი წრე ნიურბურგრინგზე — არტო მძიმე, განუკურნებელ სენს ებრძვის და ამ ჟესტით საყვარელ ტრეკსა და ავტოსამყაროს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები