შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, კორვეტი ზეტერ1, წარმოების დასასრული
Aa
Aa

Chevy ერთ-ერთ საუკეთესო V8 ძრავას ემშვიდობება, თუმცა ენთუზიასტებისთვის კარგი სიახლეებიც აქვს

ლეგენდარული LS9-ის წარმოება დასრულდა, თუმცა Chevy ძალიან მალე ახალ საავტომობილო საოცრებას გვპირდება.

წლების განმავლობაში არაერთი ტიპისა და მოცულობის შიგაწვის ძრავა გვინახავს, თუმცა ცოტას თუ აქვს ისეთივე გამძლეობა, როგორიც Chevrolet-ის საკულტო LS სერიას. მცირე ბლოკის V8 ძრავების სერია 70 წელზე მეტია არსებობს, თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი მალე სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება.

Corvette Blogger-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Chevy თავისი ლეგენდარული აგრეგატის, LS9 Long Block-ის „კრეიტ-ძრავის“ (ცალკე მზა აგრეგატი გასაყიდად) წარმოებას წყვეტს. Chevrolet-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ინფორმაციის გადამოწმება კი ყველას შეუძლია, რადგან LS9-ის სურათის ქვემოთ ფრაზა „წარმოება შეწყვეტილია“ უკვე დატანილია.

ეს 6.2-ლიტრიანი, კომპრესორიანი მონსტრი ბაზარზე თითქმის 10 წლის განმავლობაში გამოდიოდა, ხოლო მისი დებიუტი C6 Corvette ZR1-ის კაპოტის ქვეშ შედგა. შესაძლებლობების პიკს კი ამ ძრავამ LS9-ის სახით მიაღწია, რომლის გამომუშავებაც 638 ცხენის ძალას აღწევდა. აგრეგატი ტიტანის ბარბაცებით, თუჯის ალუმინის ბლოკითა და ნაჭედი მბრუნავი დეტალებით იყო აღჭურვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: რომელია 10 ყველაზე გამძლე ძრავა ისტორიაში? (ნაწილი 1)

LS9 პოპულარული არჩევანი გახლდათ როგორც მისი სიმძლავრის, ასევე გამძლეობის გათვალისწინებითაც. სწორედ ამიტომ, „რესტომოდერებისა“ და ავტოენთუზიასტების ერთ-ერთ საყვარელ ძრავადაც რჩებოდა. მისი დახმარებით ენთუზიასტებმა არაერთი პროექტი შექმნეს და უფრო მეტიც, აგრეგატს ავსტრალიური HSV GTSR W1-იც კი იყენებდა. HSV GTSR W1-ში აგრეგატი 636 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ადგილობრივად წარმოებულ ყველაზე მძლავრ ავტომობილადაც ითვლებოდა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ბევრისთვის უკვე მივიწყებული Equus Bass 770-იც ამ ძრავაზე მუშაობდა.

შესაბამისად, Chevrolet-სა და ბევრი ავტომოყვარულისთვის ეს ეპოქის დასასრულს ნიშნავს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ავტომწარმოებელი ენთუზიასტებს კვლავ სთავაზობს სხვა კრეიტ-ძრავებს (რომელთაგანაც თითქმის ყველა ჩამორჩება სიმძლავრით LS9-ს), შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან LS9-ის სული დიდი ხნით არ გაქრება.

LS9-ის წარმოების შეწყვეტასთან ერთად, Chevy ახალ საოცრებას გვპირდება, თანაც უახლოეს მომავალში. Chevrolet Performance-ის Instagram-ის გვერდზე ცოტა ხნის წინ დამაიმედებელი წარწერით სურათიც გამოქვეყნდა. გამოქვეყნებულ ფოტოზე ძრავის ახლო ხედი ჩანს — მილები, კონექტორები და Chevrolet-ის ემბლემა, თუმცა სხვა არაფერი. მაგრამ კონსტრუქცია თითქმის იდენტურია იმისა, რასაც თანამედროვე V8 ძრავისგან ველით. და თუ Chevy-ს ბოლო დროინდელ განცხადებებსაც გავითვალისწინებთ — რვაცილინდრიანი ძრავების ერთგულებაზე — ლოგიკურია, რომ სრულიად ახალი V8-ის გამოჩენის იმედს ვიტოვებთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ General Motors-მა მცირე ბლოკის V8 ძრავების განსავითარებლად Tonawanda-ს საწარმოში $888 მილიონის ინვესტიციაც ჩადო. ახალი თაობის V8 აგრეგატები თავდაპირველად ავტომწარმოებლის პიკაპებში გამოჩნდება, შემდგომ კი, სავარაუდოდ, მომდევნო თაობის სპორტულ ავტომობილებშიც უნდა ველოდოთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები