SUV-ების რეკორდი ნიურბურგრინგზე გერმანული აღარ არის — ის ტელეფონების მწარმოებელმა დაამხო...
საავტომობილო სამყაროში რეკორდების ომი ახალ ფაზაში შედის და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ევროპელი კონკურენტების შევიწროებას განაგრძობს. მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს მათმა სედანმა SU7 Ultra-მ ნიურბურგრინგის ოთხკარიანი ავტომობილების რეკორდი დაამყარა (რომელიც მოგვიანებით Porsche Taycan Turbo GT Manthey-მ დაიბრუნა), კომპანია „მწვანე ჯოჯოხეთს“ სრულიად ახალი ამბიციით დაუბრუნდა. ამჯერად Xiaomi-მ მიზნად სერიული SUV-ების კლასში საუკეთესო დროის დაფიქსირება დაისახა და ეს შეძლო კიდეც — მათმა ახალმა ელექტრო-ყველგანმავალმა,YU7 GT-მ ნორდშლაიფეს წრე ფანტასტიკურ დროში, 7:34.931 წუთში დაფარა.
ეს მაჩვენებელი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩინურ მოდელს პირველი ადგილიდან ჩამოეგდო Audi RS Q8, რომლის რეკორდიც 7:36.698 წუთს შეადგენდა (თავის მხრივ, Audi-ს ეს დრო Porsche Cayenne Turbo GT Coupe-სთვის ჰქონდა წართმეული). თუმცა, როგორც ნიურბურგრინგის თითქმის ყველა ხმამაღალი რეკორდის შემთხვევაში ხდება ხოლმე, აქაც არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — იდეალური დროის დამფიქსირებელი YU7 GT არ ყოფილა სრულიად სტანდარტული, ქარხნული ვერსია, რომელსაც რიგითი მომხმარებელი შოურუმში ყიდულობს.

კომპანიის განცხადებით, ავტომობილი აღჭურვილი იყო სპეციალური პაკეტით, რომელიც ძალიან ჰგავს იმ Manthey-ს მოდიფიკაციებს, რომლებსაც Porsche იყენებს თავისი რეკორდსმენი მანქანებისთვის.
გარდა ამისა, ტრეკზე უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, სალონში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. დამონტაჟდა უსაფრთხოების სრული კარკასი, სპორტული სარბოლო სავარძელი და ექვსწერტილიანი ღვედები. კარკასის მიერ დამატებული წონის დასაბალანსებლად კი ინჟინრებმა სალონის უკანა სავარძლები სრულად ამოიღეს. ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ პილოტი აბსოლუტურად დაცლილ, მსუბუქ მანქანაში ზის.


ტექნიკური თვალსაზრისით, ეს ავტომობილი ნამდვილი მონსტრია. Xiaomi-მ YU7 GT საზოგადოებას გასულ თვეში, პეკინის ავტოშოუზე წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ ის ექსტრემალური SU7 Ultra-ს მსგავსად სამი ძრავით არ არის აღჭურვილი, მისი მონაცემები მაინც თავბრუდამხვევია და აქამდე მხოლოდ მილიონიანი ჰიპერქარებისთვის თუ იყო ხელმისაწვდომი.