ნისანი, ინფინიტი, ნისან მისმო, სკაილაინი, ნისანი სკაილაინი
Aa
Aa

Nissan Skyline გზაშია | რას უნდა ველოდოთ საკულტო მოდელის ახალი თაობისგან?

უკვე შვიდი ათწლეულია, რაც Nissan Skyline იაპონური ავტომწარმოებლისთვის საკულტო მოდელის სტატუსს ინარჩუნებს. არსებული პრობლემების მიუხედავად, Nissan-ს თავისი ბრენდისა და მომხმარებლებისთვის ამ მოდელის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმის და ახალი თაობის გამოსაშვებადაც აქტიურად ემზადება. ცოტა ხნის წინ Nissan-მა Skyline-ის თიზერიც გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ავტომობილი ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

პირველი Skyline-ის წარმოებაში ჩაშვებიდან დაახლოებით 70 წელი გავიდა. თავდაპირველად ის იაპონურმა Prince Motor Company-მ ააწყო, პირველი ეგზემპლარები კი 1957 წელს გამოვიდა. Nissan-ი და Prince-ი ოფიციალურად 1966 წელს გაერთიანდნენ, უშუალოდ Nissan-ის ბრენდის ქვეშ კი პირველი Skyline 1969 წელს ვიხილეთ. მას შემდეგ ათზე მეტი თაობა გამოვიდა და ამ სახელის შეცვლას კომპანია არც ამჯერად აპირებს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ეს მოდელი Infiniti-ის ბრენდის სედანად იყიდებოდა და, წესით, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

Nissan-ის მიერ შემოთავაზებული რამდენიმე თიზერი წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი იქნება ავტომობილი დებიუტის დროს. ავტომწარმოებლის გლობალური დიზაინის დირექტორის, ალფონსო ალბაისას თქმით, Skyline „წარსულის მემკვიდრეობით იქნება შთაგონებული“, თუმცა ამაში რეტროსტილი არ იგულისხმება. „აგრესიული, თანამედროვე პროპორციები, რომლებიც ორიგინალ მოდელს გაგვახსენებს“, — ასე შეაფასა ალბაისამ მომავალი თაობის Skyline.

თიზერებსა და გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Skyline-ს საფირმო, მრგვალი ფორმის უკანა მაშუქები ექნება, რომლებიც კორპუსიდან ოდნავ გამოწეული იქნება. თიზერზე ასევე ვხედავთ, რომ კომპანია უკანა ფრთაზე წარწერა „Skyline“-სა და „S-ემბლემას“ დაიტანს. უფრო მყარი, კუთხოვანი ფორმები კი თითქოსდა ნაწილობრივ Nissan-ის IDx კონცეპტებიდანაა გადმოღებული.

რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს: როგორც იწერება, ახალი Skyline ტვინტურბო 3-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვება. აღნიშნული ძრავა Z Nismo-ში 420 ცხენის ძალასა და 520 ნიუტონ-მეტრს გამომუშავებს. თუმცა დიდი შანსია, რომ ახალ Skyline-ში სიმძლავრე გაიზარდოს და 450 ცხენის ძალას მიაღწიოს, რასაც მექანიკური გადაცემათა კოლოფი უკანა ბორბლებს გადასცემს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძრავა ავტომობილის მთავარი აგრეგატი იქნება, შესაძლებელია, Nissan-მა ამ მოდელის ნაკლებად მძლავრი ვერსიებიც შემოგვთავაზოს, რაც ასევე გულისხმობს ავტომატურ გადაცემათა კოლოფსა და სრულ ამძრავ სისტემას.

როდის გამოვა ახალი Nissan Skyline?

იაპონური ავტომწარმოებელი ახალი თაობის Skyline-ის დებიუტს ამ წლის ბოლომდე ან 2027 წლის დასაწყისში გეგმავს. ამ გათვლებით კი კომპანიის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები 2028 წლისთვის უნდა დაიწყოს და ამავე პერიოდში Infiniti-ს ბრენდის მოდელი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც გამოჩნდება. იაპონიის ბაზარზე Skyline ადგილს Z-სა და GT-R-ს შორის დაიკავებს, ხოლო აშშ-ში, სავარაუდოდ, Q50-ის ან Q60-ის მემკვიდრედ მოგვევლინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები