ავტომწარმოებლები ფულის შოვნას სამხედრო ინდუსტრიაში დაბრუნებით ცდილობენ — ბრიტანეთის არმიის შეკვეთა
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში თავდაცვის ბიუჯეტების მკვეთრი ზრდა მხოლოდ იარაღის მწარმოებელ გიგანტებს არ ამდიდრებს. ეს პროცესი ავტოინდუსტრიას აიძულებს, დაუბრუნდეს იმ სექტორს, რომელიც ბევრმა მათგანმა წლების წინ მიატოვა. ამჯერად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 900 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარის) ღირებულების კონტრაქტისთვის ერთმანეთს Jaguar Land Rover და General Motors უპირისპირდებიან.
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
ეს მსხვილი შეკვეთა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ძველი Land Rover-ების ავტოპარკის ჩასანაცვლებლად ათასობით ახალი 4X4 ყველგანმავლის მიწოდებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას გეგმავს, რაც ავტომწარმოებლებისთვის უზარმაზარ ფინანსურ შესაძლებლობას აჩენს.

Jaguar Land Rover-ს უკვე ათწლეულზე მეტია, რაც სამხედრო დანიშნულების ტექნიკა არ უწარმოებია. ეს კონტრაქტი ბრენდისთვის იდეალურ დროს გამოჩნდა, ვინაიდან გასულ წელს JLR-ის გლობალური გაყიდვები 17%-ით (324 000 ავტომობილამდე) შემცირდა, ხოლო მარტამდე დაფიქსირებული წლიური მოგება თითქმის 99%-ით დაეცა. JLR-ის დირექტორმა, მარკ კამერონმა დაადასტურა, რომ კომპანია მზად არის კვლავ დაიწყოს ბრიტანული საინჟინრო მოფიქრების მსუბუქი ლოგისტიკური მანქანების წარმოება თავდაცვისა და საგანგებო სამსახურებისათვის.
თუმცა, ისტორიულ ბრიტანულ ბრენდს General Motors-ისგან სერიოზული კონკურენცია ელის. GM-მა ალიანსი ბრიტანულ თავდაცვის კომპანია BAE Systems-თან და NP Aerospace-თან შეკრა — გამარჯვების შემთხვევაში, GM აშშ-დან ბრიტანეთში შემოიტანს Chevrolet-ის პიკაპებსა და SUV-ებს, რომლებიც სამხედრო მოთხოვნების შესაბამისად ადგილზე მოდიფიცირდება. საწყის ეტაპზე საუბარია 3 000 მანქანაზე (მათ შორის სადაზვერვო და საპატრულო ვერსიებზე), თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკულმა Chevy-მ შესაძლოა სრულად ჩაანაცვლოს ბრიტანეთის ჯარში არსებული 7 800 Land Rover-ი და Pinzgauer-ი.

ამ დიდ ბრძოლაში თავისი წილის მოპოვებას კიდევ ერთი ბრიტანული ძალა — Ineos-ი ცდილობს. კომპანია თავდაცვის სფეროს წარმომადგენელი SMT-ის პარტნიორია და გეგმავს, რომ საკულტო უგზოობის მოდელი Grenadier-ი ახალი სამხედრო მანქანის ბაზისად აქციოს.