ელექტრომობილები, მერსედესი, მერსედეს ეიემჯი
Aa
Aa

AMG-ის ხელმძღვანელს აქვს გეგმა, როგორ უნდა შეგაყვაროთ ელექტრომობილები

გეგმა ძალიან მარტივია: „თქვენ ისინი თავად უნდა გამოცადოთ“.

Mercedes-AMG ავტომოყვარულებს ძალიან უყვართ, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა: ეს ავტომწარმოებელი ხომ თავისი დიდი, მძლავრი და ექსტრავაგანტული ძრავებითაა ცნობილი, რომელთა მსგავს ჟღერადობასაც ბევრგან ვერ იპოვით. თუმცა უახლესი თაობის AMG GT 4-Door-ით უკვე დავრწმუნდით, რომ გერმანელები ელექტრიფიკაციის გეგმებისკენ ძველი შემართებით მიისწრაფვიან.

ასევე იხილეთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?

ისტორიულად, მცირე მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს AMG-ისთვის დიდი წარმატება არ მოუტანიათ, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ ბაზრებზე, როგორიც ჩრდილოეთ ამერიკაა. 4-ცილინდრიანი C63-ის გარშემო ატეხილი სკანდალი კი გერმანულ მარკას თითქოს დღემდე უკან, აჩრდილივით დასდევს. ამას დაუმატეთ ისეთი ავტომობილების წარუმატებელი გაყიდვები, როგორიც, მაგალითად, EQE AMG-ია და სრული სურათიც შეიკვრება.

წარსულის „წარუმატებლობების“ გათვალისწინებით, GT 4-Door-ის წარდგენის შემდეგ გამოცემა Motor1 დაინტერესდა, თუ რა გეგმები აქვს ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებით კომპანიას და AMG-ის აღმასრულებელ დირექტორს, მაიკლ შიბეს ესაუბრა. რეალურად, აშშ-ში ელექტრომობილების ბაზარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ევროპულ მწარმოებლებზე გვაქვს, ძალიან მწირია. აშშ-ში ისეთ მოდელებსაც კი, როგორებიც Hyundai Ioniq 5 N და პრემიუმ კლასის Audi E-Tron RS GT-ია, გაყიდვების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, თუმცა შიბეს, როგორც ჩანს, ეს არ აშინებს.

„სულელები ვიქნებოდით, ბოლო წლების განმავლობაში ბაზარი რომ არ შეგვესწავლა. ასე რომ, ჩვენ ვიცით, თუ როგორ იმოქმედეს ჩვენმა კონკურენტებმა. ვიცით, რა გამოვიდა და რა — არა. უმთავრესია, რომ პროდუქტი უნაკლო იყოს. შესაძლოა, ამ მხრივ სუბიექტურიც ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ სპორტულ სეგმენტში ამ მოდელს (AMG GT 4-Door) ელექტრომობილის მართვა სრულიად სხვა საფეხურზე აჰყავს“, — განუცხადა მან Motor1-ს.

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ AMG-მ თავისი ახალი ელექტროსედანი, რომელიც Porsche Taycan-ის პირდაპირი კონკურენტია, რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. ფლაგმანური GT 63 4Matic+ „ლანჩ-კონტროლის“ სისტემის აქტივაციისას წარმოუდგენელ 1 153 ცხენის ძალასა და 2 000 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ვრცლად მის შესახებ ინფორმაციას კი შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ლინკზე გაეცნოთ ↓

იხილეთ: Mercedes-AMG-ს ახალი სუპერსედანით Porsche Taycan-ის განადგურება სურს

შიბეს ესმის, რომ მსგავსი სიმძლავრის აღსაქმელად საუკეთესო გზა საჭესთან ავტომობილის გამოცდაა. სწორედ ამიტომ, AMG-ის ხელმძღვანელის თქმით, მთავარი აქცენტი ტესტ-დრაივებზე გაკეთდება:

„ჩვენ დილერების ტრენინგების ძალიან ფართო სპექტრს შემოგთავაზებთ. შემდეგი ეტაპი კი კვლავ ძალიან დიდი რაოდენობით შემოთავაზებული ტესტ-დრაივები იქნება. თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, რომ ავტომობილის მართვა თავადვე გამოცადოთ“.

სტანდარტულად, AMG-ის ტიპური მყიდველები უპირატესობას უფრო დიდი მოცულობის, V8-ძრავიან მოდელებს ანიჭებდნენ. მაგალითად, ასეთი გახლდათ გასული თაობის GT63 ან თუნდაც G63-ის მსგავსი მძლავრი SUV-ები. რა თქმა უნდა, მსგავსი მოდელების მიმართ ავტოენთუზიასტთა სიყვარული შიბესთვისაც ნაცნობია, თუმცა კვლავ თავის აზრზეა:

„ვიცი, ბევრი თვლის, რომ ელექტრომობილები ემოციისგან დაცლილი ავტომობილებია. თუმცა დამიჯერეთ, თქვენ ისინი უნდა გამოცადოთ. ყველა, ვინც ამ ავტომობილის საჭესთან მოხვედრილა, გაოცებული დარჩა იმ შეგრძნებებით, რომლებიც რეალურად მოდელის მართვისას მიიღო“.

ჩვენ კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ Mercedes-AMG-ისთვის ელექტრომობილების სამყარო უცხო ნამდვილად არაა. მათ ჯერ კიდევ 2010-იანების შუა წლებში SLS AMG Electric-ი წარადგინეს. და მაშინაც კი, როდესაც სხვა ავტომწარმოებლები ელექტრიფიკაციის გეგმებზე ნაწილობრივ უკან იხევენ, შიბე თვლის, რომ როდესაც ასეთი შესანიშნავი პროდუქტი გაქვს, ის საზოგადოებას აუცილებლად უნდა წარუდგინო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები