ავარია, ავტოსაგზაო შემთხვევა, ფერარი, ფერარი 812 კომპეტიციონე
Aa
Aa

ძვირადღირებული ავარია შოტლანდიაში — მძღოლი გადარჩა, Ferrari ვერა...

საავტომობილო სამყაროში ტრაგედიები იშვიათი ნამდვილად არ არის, თუმცა მათი მასშტაბები ერთმანეთისგან განსხვავდება. კოლექციონერებისა და იტალიური საინჟინრო ხელოვნების მოყვარულთათვის, ტრაგედია ისეთი იშვიათი მოდელის განადგურებაც შეიძლება იყოს, როგორიც Ferrari 812 Competizione-ა — მისი მხოლოდ 999 ერთეული არსებობს, თუმცა ამ კვირიდან მათი რაოდენობა კიდევ ერთით შემცირდა. ევროპული სანომრე ნიშნებით დარეგისტრირებული ეგზემპლარი შოტლანდიაში მომხდარი ავარიის შედეგად სრულად განადგურდა — ნამსხვრევები იმ მდგომარეობაშია, რომ აღდგენაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ასევე იხილეთ: რა არის Ferrari-ის შავი სია და ვინ არიან მასში?

ეს კონკრეტული 812 Competizione ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნიდერლანდურ ეგზოტიკური მანქანების დილერს, Thijs Timmermans-ს ეკუთვნოდა და ინტერნეტში არაერთი პოპულარული ვიდეოს ვარსკვლავიც გახდა. გასულ წელს ცნობილმა იუთუბ არხმა AutoTopNL-მა სწორედ ამ მანქანით გერმანულ ავტობანზე 330 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ლურჯი შეფერილობა და ყვითელი სპორტული ხაზები Ferrari-ს გამორჩეულს ხდიდა, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიონ დოლარს აჭარბებდა. დღეს კი მისგან მხოლოდ ლითონის გროვაა დარჩენილი.

Instagram-ზე გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ავარია შოტლანდიის ერთ-ერთ ვიწრო, ორზოლიან გზაზე მოხდა. თავად შეჯახების მომენტის ვიდეო არ არსებობს, თუმცა მიყენებული ზიანი მოწმობს, რომ სუპერქარმა რამდენიმე მძლავრი დარტყმა განიცადა: დაზიანებულია როგორც წინა და უკანა ნაწილები, ისე ორივე გვერდი.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ავტომობილის წინა მხარეა — კაპოტი, ბამპერი, ფარები და ფრთები სრულად არის მოგლეჯილი. კადრებში ჩანს დაწყვეტილი მილები და სისტემები, ხოლო უნიკალური 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავიდან ნაშირბადის ჰაერმიმღებები პირდაპირ არის ამგლეჯილი. გარდა ამისა, საქარე მინა მთლიანად ჩამსხვრეულია, უკანა ნაწილი კი ნაკუწებად არის ქცეული და ძარაზე მხოლოდ ორი მაშუქაღა კიდია. დარტყმის ძალამ უკანა მარცხენა საბურავი დისკიდანაც კი გადააძრო.

ერთადერთი პოზიტიური სიახლე ამ საშინელ ავარიაში ის არის, რომ მძღოლი, არსებული ინფორმაციით, სრულიად უვნებელი გადარჩა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უსაფრთხოების კაფსულის მაღალ ხარისხს ფერარიში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები