Toyota უნიკალურ GR Yaris-ს უშვებს, თუმცა მის შესაძენად ლატარიაში უნდა გაიმარჯვოთ
ტოიოტამ თავისი საკულტო ცხელი ჰეჩბეკის მოყვარულებს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა, თუმცა მისი მიღება მხოლოდ რჩეულებს შეეძლებათ. Toyota Gazoo Racing-მა ოფიციალურად გახსნა განაცხადების მიღება ორ უკიდურესად ექსკლუზიურ მოდელზე — GR Yaris Morizo RR-სა და GR Yaris Sebastien Ogier 9x World Champion Edition-ზე. თითოეული მათგანი მხოლოდ 100-ერთეულიანი ტირაჟით გამოვა იაპონიის ბაზრისთვის, ხოლო მათ შესაძენად ერთადერთი გზა „GR“ სმარტფონის აპლიკაციაში ციფრულ ლატარიაში მონაწილეობაა.
ასევე იხილეთ: რატომ იყო Toyota-ს ტყუილი გენიალური? - Cellica-ს გასაოცარი ისტორია
დრო ძალიან ცოტაა — განაცხადები 27 მაისიდან 9 ივნისამდე მიიღება, გამარჯვებულები 1 ივლისს გამოვლინდებიან, ხოლო პირველი ავტომობილების მიწოდება აგვისტოს დასაწყისში დაიწყება.


ფასები, ჰეჩბეკის კვალობაზე, საკმაოდ სოლიდურია: Morizo RR ვერსია 9 000 000 იენიდან (დაახლოებით $56 500) იწყება, ხოლო Ogier 9x Edition შედარებით ნაკლები — 8 450 000 იენი ($53 000) ღირს. შედარებისთვის, სტანდარტული GR Yaris-ის ფასი იაპონიაში $22 700-დან $36 900-მდე მერყეობს, რაც ამ სპეციალური გამოშვების განსაკუთრებულ სტატუსზე მიანიშნებს. მათთვის, ვისაც ლატარიაში არ გაუმართლებს, ტოიოტა სანუგეშო პრიზად ამავე მოდელების 1:43 მასშტაბის მინიატურულ ვერსიებს შესთავაზებს $104-ად.

ეს ავტომობილები, რომლებიც 2026 წლის ტოკიოს ავტოშოუზე ვიხილეთ, ამ მოდელის სიცოცხლის ციკლის ფინალურ, ყველაზე დახვეწილ ევოლუციას წარმოადგენენ. ორივე ვერსია ახლახან განახლებულ GR Yaris-ს ეყრდნობა, თუმცა მათ იმდენად ბევრი უნიკალური დეტალი აქვთ, რომ სტანდარტულ ვერსიას ჩვეულებრივ მანქანად წარმოაჩენენ.
Morizo RR თავად აკიო ტოიოდას პირადი გემოვნებითაა შექმნილი, ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე. მას აქვს სპეციალური დაკიდების სისტემა და უნიკალური Morizo Mode რეჟიმი, რომელიც სრულ ამძრაობას (4WD) ფიქსირებულ 50:50 პროპორციაზე ბლოკავს. ვიზუალურად ის გამოირჩევა ნახშირბადის აგრესიული სპლიტერით, ვენტილირებადი კაპოტითა და რეგულირებადი სპოილერით. ასევე, ექსკლუზიური Gravel Khaki შეფერილობით, BBS-ის 18-დუიმიანი ბრინჯაოსფერი დისკებითა და ყვითელი სამუხრუჭე სუპორტებით. ინტერიერში კი ალკანტარას საჭე, ყვითელი ნაკერები და საქარე მინაზე Morizo-ს ხელმოწერა გვხვდება.


Ogier 9x Edition სებასტიან ოჟიეს მიერ WRC-ის მეცხრე ტიტულის მოპოვებას და მსოფლიო რეკორდის გამეორება ეძღვნება. მოდელს აქვს სპეციალური Seb Mode რეჟიმი, რომელიც აქცენტს უკანა ღერძზე აკეთებს (40:60 გადანაწილება). ვიზუალურად მანქანა ქარხნულ Aero Performance პაკეტს ეყრდნობა, მქრქალი შავი BBS დისკებით, ლურჯი სუპორტებითა და რადიატორის ცხაურაზე საფრანგეთის დროშით.

ორივე ვერსიას მამოძრავებელ ძალას უცვლელი 1.6-ლიტრიანი ტურბინიანი 3-ცილინდრიანი ძრავა აძლევს, რომელიც 300 ცხ.ძ-სა და 400 ნიუტონს გამოიმუშავებს. საინტერესოა, რომ Morizo RR ახალ 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს იყენებს, ხოლო Ogier 9x ტრადიციულ 6-სიჩქარიან მექანიკას ინარჩუნებს.