იშვიათი ავტომობილები, ჯონ სინა, სასამართლო, ფორდი, ფორდ ჯითი
Aa
Aa

ჯონ სინამ ერთხელ Ford GT-სთან დაკავშირებული „ოქროს წესი“ დაარღვია, რაც ძვირად დაუჯდა

WWE-ის ლეგენდარული ვარსკვლავი და ავტომოყვარული ჯონ სინა ერთხელ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საავტომობილო სკანდალში აღმოჩნდა და ეს საკმაოდ ძვირადაც დაუჯდა. ამის მიზეზი იშვიათი მოდელის, 2017 წლის Ford GT-ის შეძენისას გაფორმებული მკაცრი ხელშეკრულების პირობების დარღვევა გახდა, რამაც საბოლოოდ სინას ფინანსური ზარალი მოუტანა.

2017 წლის Ford GT-ის გამოშვებისას ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, თავისი მოდელი ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც საკმარისი ფული ჰქონდა, არ გაეყიდა. ამის ნაცვლად, პოტენციური მყიდველები ვალდებულნი იყვნენ სპეციალური განაცხადი შეევსოთ და შემდგომ უკვე Ford-ი გადაწყვეტდა, იყვნენ თუ არა ისინი ღირსნი, თავიანთი ექსკლუზიური ავტომობილის გასაღები მიეღოთ. სინა სწორედ იღბლიანთა შორის აღმოჩნდა და $450 000-ად შეფასებული GT-ის ყიდვის პატივიც ერგო, თუმცა მოგვიანებით ამ მოდელის გამო სამართლებრივ დავაშიც კი გაეხვა.

საქმე ის გახლავთ, რომ GT-ის შეძენისას Ford-ი მფლობელებს ერთ ოქროს წესს უყენებდა: მათ არ ჰქონდათ უფლება, მოდელი შეძენიდან სულ მცირე ორი წლის განმავლობაში გაეყიდათ. ამ შეზღუდვის მიზანი იყო, რომ მფლობელებს ექსკლუზიური მანქანის გადაყიდვით მომენტალური და კოლოსალური მოგება არ მიეღოთ.

თუმცა სინამ ვერ მოითმინა და სულ რაღაც რამდენიმე თვეში წესი დაარღვია — მან სუპერქარი გაყიდა, Ford-ის რეაქციამაც არ დააყოვნა. 2017 წელს ავტომწარმოებელმა მას სასამართლოში უჩივლა და ამტკიცებდა, რომ სინამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, ავტომობილის გაყიდვით დიდი ფინანსური მოგება ნახა, Ford-ის რეპუტაციასა და Ford GT-ის პროგრამის ექსკლუზიურობას კი ზიანი მიაყენა.

ზოგადად, ძალიან იშვიათია, რომ ავტომწარმოებელმა თავისივე კლიენტს უჩივლოს — მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს კლიენტი ასეთი ცნობილი ფიგურაა — შესაბამისად, საქმეც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

დავა 2018 წელს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. ზუსტი თანხა, რომელიც სინამ კომპანიას კომპენსაციის სახით გადაუხადა, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს „გადაცდომა“ მას ძალიან ძვირად დაუჯდა. Ford-ის ინფორმაციით, თანხა სრულად საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაირიცხა, სინამ კი საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა და განაცხადა: „მე მიყვარს Ford GT და ბოდიშს ვუხდი კომპანიას შექმნილი სიტუაციის გამო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები