რბოლა, ფორცა ჰორაიზონი, ქლაჩი, კომპიუტერული თამაშები, გეიმინგი
Aa
Aa

Forza Horizon-ის ყოფილი დეველოპერი უშვებს ახალ სარბოლო თამაშს, რომელშიც დანაშაულის ჩადენაც შეგეძლებათ

სარბოლო ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში დიდი გამოცოცხლებაა — Forza Horizon-ის მონოპოლიას ღია სამყაროს (Open World) ჟანრში სერიოზული კონკურენტი უჩნდება. სტუდია Maverick Games-მა, რომელსაც სათავეში Forza Horizon 5-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი, მაიკ ბრაუნი უდგას, ოფიციალურად დააანონსა ახალი პროექტი სახელწოდებით Clutch.

ეს იქნება სიუჟეტზე ორიენტირებული საავტომობილო თამაში, რომლის მოქმედებაც ფრანგულ რივიერაზე ვითარდება. 

დღისით ავტოსპორტი, ღამით — კრიმინალი

დღისით ოფიციალური, ლიცენზირებული წრიული რბოლებისა და ღამით არალეგალური ქუჩის რბოლებისა თუ ორგანიზებული კრიმინალის სინთეზი სრულიად ახალი კონცეფცია არ არის — მსგავსი ფორმატები ნანახი გვაქვს Need for Speed Heat-შიც. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ NFS სერია ამჟამად პაუზაზეა, ხოლო Forza Horizon ბოლო დროს ზედმეტად სტერილურ გარემოზე აკეთებს აქცენტს, Clutch ზუსტად იმ ნიშას იკავებს, რომელიც მოთამაშეებს ასე აკლდათ.

თამაშის თრეილერში ვხედავთ პოლიციის დევნასა და სხვადასხვა გაჯეტებს, როგორიცაა ნიტრო და სპეციალური კაუჭები მდევრებისგან თავის დასაღწევად. ეს ყველაფერი კონტრასტშია დახურულ ტრეკებზე სპონსორების ლოგოებით აჭრელებულ სარბოლო ბოლიდებთან, რომლებიც თითქოს Forza Motorsport-იდან ან Gran Turismo-დან არის გადმოტანილი.

პრესრელიზის თანახმად, სიუჟეტი მიყვება და-ძმის ისტორიას, რომლებიც საავტომობილო ვუნდერკინდები არიან და მონაწილეობენ პრესტიჟულ ჩემპიონატში, სახელად R1K. მთავარი პერსონაჟი კრიმინალურ სამყაროში ხვდება, რაც დიდ ქაოსს უდებს სათავეს.

დეველოპერები თამაშის ფორმატს აღწერენ როგორც PvPvE (Player vs Player vs Environment). ეს ნიშნავს, რომ მოთამაშეები არამარტო ერთმანეთს გაეჯიბრებიან, არამედ ზოგჯერ მოუწევთ გაერთიანება და კოოპერაციულად მუშაობა საერთო მტრის (მაგალითად, პოლიციის) წინააღმდეგ. სტუდია გვპირდება სპონტანურ მისიებს, რომლებიც დაარღვევენ თანამედროვე საავტომობილო თამაშების ერთფეროვან შაბლონს.

ავტოპარკი და გიჟური ვიზუალური ტიუნინგი

პირველივე კადრებიდან ჩანს, რომ საავტომობილო სია საკულტო მოდელებით იქნება დაკომპლექტებული. თრეილერში უკვე დაფიქსირდა — Mazda RX-7 (FD), Nissan Skyline GT-R (R34), Subaru Impreza WRX STI (GD), BMW 850 CSi (E31), BMW M3 GTR (E46), Porsche 911 Turbo (930), Porsche 911 GT3 S/C, Aston Martin Valhalla, Alfa Romeo 4C, Renault Mégane RS და თანამედროვე Land Rover Defender-ი.

Maverick Games-ი იყენებს საკუთარ, ექსკლუზიურ ფიზიკის ძრავას და ვიზუალური მოდიფიკაციის უპრეცედენტო სისტემას. სტანდარტული ბამპერების, დისკებისა და სპოილერების გარდა, მოთამაშეებს შეეძლებათ ისეთი წვრილმანების შეცვლა, როგორიცაა მაყუჩის თავები, საჭეები, მინების ტონირება, სპორტული სავარძლები და ნეონის განათებაც კი.

მანქანების გრაფიკული შესრულება ფენომენალურია. BMW 850 CSi-ს სალონის კადრებში ჩანს მასალების რეალისტური ტექსტურები, ღილაკები ორიგინალი ქარხნული შრიფტებითა და მარკირებით. ვიზუალურად ეს მოდელები მხოლოდ Gran Turismo 7-ს თუ ჩამოუვარდებიან. თუმცა, GT-სგან განსხვავებით, აქ მოთამაშეებს შეეძლებათ სალონის „არევა“ — ტორპედოზე სხვადასხვა ფიგურების დადგმა, ჭიქების ჩადგმა ან წინა მგზავრის სავარძელზე ჰუდის დაგდება.

თამაშის ოფიციალური რელიზი 2027 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. თუმცა, დიდი ხნით ლოდინი არ მოგვიწევს, რადგან პროექტის სიუჟეტის, მსახიობებისა და სათამაშო სამყაროს შესახებ უფრო ვრცელ დეტალებს ხვალ, 5 ივნისს, Geoff Keighley-ს მასშტაბურ Summer Game Fest-ზე ვიხილავთ.

Horizon-ის სერიის გულშემატკივრებისთვის, მაიკ ბრაუნის ახალი ამბიცია ნამდვილად საინტერესოა. სარბოლო ჟანრს დიდი ხანია აკლდა კარგი, ხარისხიანი სიუჟეტური ხაზი და ღამის ანდერგრაუნდ ატმოსფერო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები