სამმაგი იუბილე — 100 წლის მამაკაცი 100 წლის Ford Model T-ს 100 წლის მაგისტრალზე მართავს
ეს ავტომობილისა და ადამიანური გამძლეობის უიშვიათესი, ულამაზესი ისტორიაა. ოკლაჰომის მცხოვრებმა, მორისმა, საკუთარი საუკუნოვანი იუბილე სრულიად გენიალურად აღნიშნა: ის 100 წლის Ford Model T-ს საჭეს მიუჯდა და ლეგენდარული, ასევე 100 წლის საავტომობილო მაგისტრალი — Route 66 დალაშქრა.

ეს იდეალური სამმაგი ასწლოვანი იუბილე ნამდვილად არ ხდება ყოველდღე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მორისი (რომელიც 7-შვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსია და რომლის და-ძმებმაც 90 წელზე მეტი იცოცხლეს), ისე საკულტო 66-ე გზატკეცილი დღემდე შესანიშნავად გამოიყურებიან, თავად ავტომობილმა დროის გამოცდას ყველაზე რთულად გაუძლო — არა იმიტომ, რომ დაზიანდა, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ის სრულიად უცხო პლანეტის ტექნოლოგიას ჰგავს.

Ford Model T ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი სახელია — მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების ავტომობილი, რომელმაც კაცობრიობა ძრავიან ფაეტონებზე ოფიციალურად გადაიყვანა, თუმცა, მას დღევანდელ მანქანებთან თითქმის არაფერი აკავშირებს.
თანამედროვე ავტომობილებში ყველაფერი ინტუიციურია — გაქვს საჭე, მექანიკაზე სამი სატერფული (ავტომატიკაზე ორი), გადაცემათა გადართვის ბერკეტი და ხელის მუხრუჭი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისთვის უცხო თანამედროვე მანქანაში ჩაჯდეს და რამდენიმე წამში მისი მართვა დაიწყოს. Model T-ს შემთხვევაში კი ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან მისი სამი სატერფული სრულიად სხვა რამეს აკეთებს: მარცხენა პასუხისმგებელია გადაცემათა კოლოფის სიჩქარეებზე, შუა სატერფული — უკუსვლაზე, ხოლო მარჯვენა სატერფული მუხრუჭია.

სურათი კიდევ უფრო რომ გართულდეს, იატაკზე აქსელერატორი საერთოდ არ არსებობს. ის პატარა ბერკეტია, რომელიც საჭის სვეტზეა დამაგრებული, მის გვერდით კი მეორე ბერკეტია, რომლითაც მძღოლმა ხელით, მართვის პარალელურად უნდა არეგულიროს ძრავის აალების მომენტი. საბედნიეროდ, თანამედროვე მანქანები ბევრად უფრო მარტივი სამართავია და მათ დასამორჩილებლად 100-წლიანი გამოცდილება არ გვჭირდება...