Mercedes-Benz 300SEL 6.3 — მანქანა, რომელმაც სუპერ-სედანების სეგმენტი გამოიგონა
1960-იანი წლები სიჩქარის ოქროს ხანა გახლდათ, თუმცა მაშინ არჩევანი მხოლოდ ორ უკიდურესობას შორის უნდა გაგეკეთებინა. თუ სწრაფად სიარული გინდოდა, გზა მკაფიოდ იყო გაყოფილი: ან უნდა გეყიდა ხმაურიანი, არცთუ ისე დახვეწილი ამერიკული მასლქარი, რომელიც მხოლოდ სწორხაზოვანი აჩქარებისთვის იყო შექმნილი, ან უზარმაზარი თანხა გადაგეხადა დაბალ, ჭირვეულ ევროპულ სუპერქარში. თუმცა, ორივე კატეგორია ძირითადად ახალგაზრდა, ექსცენტრულ კაცებზე იყო გათვლილი. ასაკოვან, სოლიდურ ჯენტლმენებს კი, რომლებსაც სიჩქარეც იზიდავდათ, ბაზარი ფაქტობრივად არაფერს სთავაზობდა.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა Mercedes-მა თვითმფრინავი - Mercedes-Benz CLR
Mercedes-Benz-ს იმ პერიოდში არცერთ ამ სეგმენტში არ ჰყავდა ავტომობილი. გერმანული ბრენდი ქმნიდა მანქანებს სახელმწიფოს მეთაურებისთვის, მსხვილი ინდუსტრიალისტებისთვის და ყველასთვის, ვინც ფუფუნებასა და უსაფრთხოებას ყველაფერზე მაღლა აყენებდა.
60-იან წლებში მდიდრულ სედანს მხოლოდ ერთი საქმე ჰქონდა — მისი მდიდარი მფლობელი გარე სამყაროს ხმაურისა და დისკომფორტისგან მაქსიმალურად იზოლირებული ყოფილიყო. ეს მანქანები იყო მძიმე, სავსე სქელი ხალიჩებით, ხმის საიზოლაციო მასალებით, ნატურალური ხის პანელებითა და რბილი ტყავის სავარძლებით. ძრავები დიდი იყო, მაგრამ გათვლილი მშვიდ, ძალდაუტანებელ კრუიზზე და არა მაღალ ბრუნებზე მუშაობისთვის. იდეა, რომ აღმასრულებელ დირექტორთა ყოველდღიური გადაადგილებისთვის განკუთვნილ მანქანაში სარბოლო გენის მქონე მძლავრი აგრეგატი ჩაედგათ, არა მხოლოდ ალოგიკურად, არამედ საინჟინრო რესურსების სრულ ფლანგვად მიიჩნეოდა.
ასევე იხილეთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?
იმავდროულად, სიჩქარისა და მართვის მოყვარულები თვალს ბრიტანული და იტალიური ეგზოტიკისკენ აპარებდნენ. Ferrari, Maserati, Lamborghini და Jaguar ამ სეგმენტის უგვირგვინო მეფეები იყვნენ. Ferrari-ს სიამაყე 365 GT 2+2 გახლდათ, Maserati გვთავაზობდა ხელოვნებისა და სისწრაფის ნაზავ გრან-ტურერ Ghibli-ს, Lamborghini მსოფლიოს აოცებდა შუაძრავიანი Miura-თი, ხოლო Jaguar E-Type პლანეტის ყველაზე ლამაზ მანქანად ითვლებოდა.
ამ სპორტულ მანქანებს ერთი საერთო ფორმულა ჰქონდათ: ისინი იყვნენ დაბლები, აეროდინამიკულები, მსუბუქები და აღჭურვილნი პრეტენზიული, ძვირად შესანახი ძრავებით.

ერთი ინჟინრის საიდუმლო და სარისკო ექსპერიმენტი
ერიხ ვაქსენბერგერი იმ დროს Daimler-Benz-ის ტესტირებისა და განვითარების ინჟინერი გახლდათ. მას სიგიჟემდე უყვარდა სიჩქარე. კომპანიის კონსერვატიულ მოდელებს რომ უყურებდა, ხედავდა ფარულ პოტენციალს, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა. როგორც ყველა პროგრესულ გონებას, მასაც გაუჩნდა კითხვა: რა მოხდებოდა, ბრენდის ყველაზე დიდი ძრავი შედარებით პატარა კორპუსში რომ ჩაედგათ?

Mercedes-ი ამ დროს ჯერ კიდევ ფრთხილობდა სპორტულ მოდელებთან დაკავშირებით — ცოცხალი იყო 1955 წლის ლე მანის ტრაგედიის მძიმე მოგონება. მაშინ Mercedes-Benz 300 SLR-მა კატასტროფა განიცადა, რასაც თავად მძღოლისა და 83 მაყურებლის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 120 ადამიანი დაშავდა. მიუხედავად ამისა, გვიან ღამით, ვაქსენბერგერმა და მისმა თანამოაზრე მექანიკოსების მცირე გუნდმა საიდუმლო „ჰოტ-როდ“ ექსპერიმენტი მაინც დაიწყეს.
კომპანიას ახალი მანქანის ნულიდან შექმნა არც სჭირდებოდა, რადგან ყველა საჭირო დეტალი საწყობში უკვე მოიპოვებოდა, უბრალოდ, ისინი ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროს ეკუთვნოდა. იმ პერიოდში ბრენდის ფლაგმანი უზარმაზარი ლიმუზინი Mercedes-Benz 600 Grosser-ი იყო, რომლითაც დიქტატორები, პაპები და კინოვარსკვლავები გადაადგილდებოდნენ. კაპოტის ქვეშ მას გიგანტური V8 ძრავი ჰქონდა. ვაქსენბერგერის გეგმა კი მარტივი, მაგრამ უხეში იყო: ამოეღოთ ეს უზარმაზარი V8 ლიმუზინიდან და ჩაედგათ გაცილებით პატარა, სტანდარტულ სედანში. ქაღალდზე ეს შეუძლებლად ჩანდა, თუმცა საინჟინრო მაგიისა და კომპონენტების კრეატიული გადაადგილების წყალობით, მათ მოახერხეს და უზარმაზარი ძრავი იმ სივრცეში ჩაატიეს, რომელიც თავდაპირველად 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავისთვის იყო განკუთვნილი.

Mercedes-Benz 300SEL 6.3 — მგელი ცხვრის ტყავში
ვაქსენბერგერმა და მისმა გუნდმა 600 Grosser ლიმუზინის ხელით აწყობილი, 6.3-ლიტრიანი შედევრი — M100 V8 ძრავი — W109 მოდიფიკაციის Mercedes 300SEL-ის კაპოტქვეშ მოათავსეს. როდესაც მანქანა მზად იყო, ის Mercedes-ის სამგზავრო ავტომობილების განვითარების ხელმძღვანელს წარუდგინეს. ლეგენდის თანახმად, როგორც კი ულენჰაუტმა V8-ის ღრიალი მოისმინა და მანქანის სასტიკი აჩქარება საკუთარ თავზე გამოცადა, პროექტს მწვანე შუქი იმავე წამს აუნთო და სერიულ წარმოებაში ჩაუშვა.
როდესაც Mercedes-Benz 300SEL 6.3-ის დებიუტი 1968 წლის მარტში, ჟენევის ავტოშოუზე შედგა, საავტომობილო სამყარო შოკში ჩავარდა. გარედან ის თითქმის იდენტური იყო სტანდარტული W109 სედანისა. ოდნავ განიერი საბურავების, ორმაგი გამოსაბოლქვი მილისა და საბარგულზე მოკრძალებული 6.3 ნიშნის გარდა, არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს მანქანა მონსტრი იყო.

როდესაც 1968 წელს ავტოჟურნალისტებმა 300SEL 6.3 ხელში ჩაიგდეს, ტესტირების შედეგებმა ინდუსტრიაში მიწისძვრა გამოიწვია. მძიმე, ტყავითა და ხით გაწყობილ სედანს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება სულ რაღაც 6.3 წამში შეეძლო, ხოლო მეოთხედ მილს 14.2 წამში ფარავდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 220 კმ/სთ გახლდათ.
გერმანული საოჯახო სედანი არა მხოლოდ კონკურენციას უწევდა, არამედ აშკარად ასწრებდა და არცხვენდა სუფთა სისხლის სპორტულ მანქანებს. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ მათ შეეძლოთ ავტობანზე 210 კმ/სთ სიჩქარით სრულიად მშვიდად ევლოთ, ესმინათ რადიოსთვის, დამტკბარიყვნენ კონდიციონერით და თან ეყურებინათ, როგორ იტანჯებოდნენ Ferrari-ს მძღოლები თავიანთ ვიწრო, ხმაურიან და არაკომფორტულ კაბინებში.

რატომ არის ეს მოდელი დღესაც ასეთი მნიშვნელოვანი?
300SEL 6.3-ის წარმოება 1972 წელს დასრულდა და ჯამში მხოლოდ 6526 ეგზემპლარი დამზადდა. დღეს ის ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკოლექციო და ძვირფას მოდელად ითვლება. ვინაიდან ბევრი მათგანი მფლობელებმა მაქსიმალურად გამოფიტეს, ან ვერ გაწვდნენ მისი რთული პნევმატური საკიდარისა და მექანიკური ინჟექტორული სისტემის ძვირადღირებულ სერვისს, იდეალურ მდგომარეობაში გადარჩენილი მოდელები იშვიათობაა და აუქციონებზე მათი ფასი ხშირად ექვსნიშნა ციფრებს აღწევს.
თუმცა, 300SEL 6.3-ის ნამდვილი ფასი აუქციონის ჩეკებით არ იზომება. ეს მოდელი მნიშვნელოვანია, რადგან მან საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ კლასს საავტომობილო სამყაროში: ე.წ სუპერ-სედანებს. მან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის კომფორტი და უგონო სისწრაფე ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს.