სენსორული, რეგულაციები, ჩინეთი, კანონები, ტექნოლოგიები, ჩინური ელექტრომობილები
Aa
Aa

ჩინეთი ავტომობილებში ფიზიკური ღილაკების სავალდებულო დაბრუნებას გეგმავს

ჩინეთში იწყება საკანონმდებლო პროცესი, რომელიც ავტომწარმოებლებს აიძულებს, ახალ ავტომობილებში ფიზიკური მართვის ღილაკები და რეგულატორები დააბრუნონ. ეს გადაწყვეტილება მიმართულია თანამედროვე ავტოინდუსტრიაში გაბატონებული იმ ტრენდის წინააღმდეგ, სადაც ყველა ფუნქცია მხოლოდ სენსორულ ეკრანებშია გაერთიანებული.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის GB 4094 სტანდარტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ამჟამად დამტკიცების ეტაპზეა, ხოლო მისი ამოქმედების სავარაუდო თარიღად 2027 წლის 1 ივლისი სახელდება. ახალი ინიციატივის თანახმად, ავტომობილის 19 კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი ფიზიკური ღილაკი ან გადამრთველი და მათზე წვდომა მხოლოდ სენსორული ეკრანით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

ამ ფუნქციების ჩამონათვალში შედის: მოხვევის ციმციმები, საავარიო სიგნალიზაცია (ავარიულები), ხმოვანი სიგნალი, გადაცემათა გადართვის სისტემა (P/R/N/D), საქარე მინის წმენდის სისტემა, უკანა ხედვის გვერდითა სარკეების რეგულირება, მაშუქების ჩართვა-გამორთვა, გადაუდებელი დახმარების გამოძახების სისტემა, მძღოლის დამხმარე ასისტენტების (ADAS) გააქტიურება.

გარდა ამისა, რეგულაციით განისაზღვრება, რომ ეს მართვის ელემენტები ფიქსირებულ ადგილას უნდა მდებარეობდეს და ისე იყოს დაპროექტებული, რომ მძღოლმა მათი შეხებით ცნობა (ტაქტილური ან ხმოვანი უკუკავშირით) გზისთვის თვალის მოუშორებლად შეძლოს.

ჩინეთი სენსორულ ეკრანებს სრულად არ კრძალავს. შესაბამისად, მულტიმედია, ნავიგაცია და სხვა მეორეხარისხოვანი ფუნქციები კვლავ ეკრანზე დარჩება. ცვლილების მთავარი მიზანია, მართვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები მძღოლისთვის ადვილად მისაწვდომი იყოს, რათა მას არ უწევდეს მენიუებში ხეტიალი და ყურადღების გადატანა გზატკეცილიდან.

იმ ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ ღილაკების სრულად გაუქმებას და ინტერიერის მინიმალიზაციას გიგანტური ეკრანების ირგვლივ, ეს რეგულაცია ინტერიერის დიზაინის კონცეფციის სერიოზულ გადახედვას ნიშნავს. საინტერესოა, რომ ამ ახალი სტანდარტის შემუშავებასა და განხილვაში მონაწილე ორგანიზაციების სიას მიეკუთვნებიან ისეთი გლობალური გოლიათები, როგორებიც Tesla Shanghai, BYD, Geely, Mercedes-Benz China, BMW China და Volkswagen China არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები