Porsche-მ ბრიტანულ ბაზარზე შესვლის 75 წლისთავს ლიმიტირებული მოდელი მიუძღვნა
Porsche-მ ლეგენდარული 911 GT3-ის კიდევ ერთი სპეციალური ვერსია წარმოადგინა, თუმცა, თუ გაერთიანებულ სამეფოში არ ცხოვრობთ, ეს მოდელი თქვენთვის აკრძალულ ხილად დარჩება. ავტომობილს Earls Court 51 Edition ჰქვია, იგი ბრიტანეთის ბაზარზე გერმანული ბრენდის 75 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი რაოდენობა მკაცრად — სულ რაღაც 51 ეგზემპლარით არის შეზღუდული.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
მიუხედავად იმისა, რომ სახელი მარტივად გამოსათქმელი არ არის, მასში დიდი ისტორიული აზრი დევს: 1951 წელს პირველი Porsche 356 ბრიტანეთში შევიდა და ლონდონის Earls Court Motor Show-ზე გამოიფინა. ახალი საიუბილეო მოდელი 911 GT3 Touring-ის ბაზაზეა აწყობილი და მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
ექსტერიერი: Earls Court Green და ვერცხლისფერი კონტრასტი
ავტომობილი შეღებილია სრულიად ახალ, ექსკლუზიურ ფერში — Earls Court Green, რომელიც ბრენდის ინდივიდუალურ Paint to Sample plus პალიტრას დაემატა. ვიზუალურ აქცენტებს შორის აღსანიშნავია კაპოტის ცენტრში მოთავსებული დახვეწილი ვერცხლისფერი ზოლი, ვერცხლისფერი გვერდითა სარკეები და კარების სახელურები და სპეციალური საიუბილეო ემბლემები ძარაზე.

თუმცა, ექსტერიერის ყველაზე თვალში საცემი დეტალი მაინც უნიკალური ორფეროვანი (ვერცხლისფერი და მწვანე) დისკებია — 20-დუიმიანი წინ და 21-დუიმიანი უკან.
მას, ვისაც მწვანე ექსტერიერი არ მოსწონს, ალბათ არც ინტერიერი მოეწონება, თუმცა დიზაინერული თვალსაზრისით სალონი უზადოდ გამოიყურება. წინა პანელის ზედა ნაწილი, საჭე, კარების პანელები და წინა საბარგულის შიდა სივრცეც კი უმაღლესი ხარისხის Night Green მწვანე ტყავითაა შემოსილი.

გარდა ამისა, ინტერიერს განსაკუთრებულ შარმს ჰმატებს ნატურალური პალდაოს ხის დეკორატიული ელემენტები წინა პანელზე, გადაცემათა კოლოფის ბერკეტზე, სავარძლების ზურგსა და ცენტრალურ კონსოლზე. ბონუსის სახით, 51 იღბლიანი მფლობელი საჩუქრად მიიღებს ექსკლუზიურ სამგზავრო ჩანთას, ავტომობილის 1:18 მასშტაბის მოდელსა და სპეციალურ მაჯის საათს — Porsche Design Chronograph-ს.
კაპოტის ქვეშ (უფრო სწორად, სპოილერის ქვეშ) არაფერი შეცვლილა. აქ კვლავ ბინადრობს Porsche-ს საინჟინრო გვირგვინი — ატმოსფერული 4.0-ლიტრიანი ოპოზიტური 6-ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 503 ცხენის ძალასა და 450 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს.

რაც შეეხება ფასს, ბრიტანელი მყიდველებისთვის ეს ლიმიტირებული სათამაშო დაახლოებით $338 000 ეღირება.