სტარტაპი მუშაობს სუპერქარზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლის პოზიციაში მართავთ
საავტომობილო სამყაროში ახალი, ამბიციური სტარტაპის მიერ მორიგი ჰიპერქარის დაანონსება, ჩინელების გადამკიდე, უკვე აღარავის აკვირვებს... მაგრამ ეს შემთხვევა მაინც რადიკალურად განსხვავებულია. გაიცანით Sanrivatti — ავტომობილი, რომლის მთავარი ხაზგასმა არა ცხენის ძალები, არამედ სუპერბაიკის სტილის მართვის პოზიციაა.

არა, ეს სიცხისგან გამოწვეული ჰალუცინაცია არ არის. Sanrivatti-ს მიერ გამოქვეყნებული პირველი ილუსტრაციები და მათი ე.წ. Apex Position უფრო იოგას ჰგავს, თუმცა რეალობაში საავტომობილო გამოცდილების თავდაყირა დაყენებას აპირებს. და სწორედ ეს არის მთელი ჩანაფიქრი. „მე მოვიხიბლე იმ იდეით, რომ მართვის სრულიად განსხვავებულ პოზიციას შეუძლია ფუნდამენტურად შეცვალოს ის, თუ როგორ აღვიქვამთ ავტომობილს,“ — აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, სანტიაგო სანჩეს რივერო.

შედეგად, მათ შექმნეს სალონი, სადაც ისე ზიხართ, თითქოს MotoGP-ის რბოლაში მონაწილეობისთვის ემზადებით. ზუსტი საინჟინრო დეტალები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია და ბრენდის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა ვიცით, რომ Sanrivatti-ს არქიტექტურა მძღოლს პირდაპირ ცენტრში სვამს, სადაც თავი სალონის წინა ნაწილშია გამოწეული.
კომპანიის მტკიცებით, ეს უზრუნველყოფს სხეულის გაუმჯობესებულ ბალანსს, გაფართოებულ ხედვის არეს და კონტროლის მექანიზმებს, რომლებიც ადამიანის ბუნებრივ მოძრაობებზეა მორგებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსახვევში მუხლით ასფალტს უნდა შევეხოთ თუ ნელა მოძრავ მანქანებს ცალ ბორბალზე შემდგარმა გადავასწროთ, ამას დრო აჩვენებს.

თუ რა ტიპის ძრავით აღიჭურვება ეს უცნაურობა, ან რა სისწრაფეს განავითარებს ის, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, პროექტის სერიოზულობაზე მეტყველებს გუნდი, რომელიც რივერომ შემოიკრიბა — საინჟინრო შემადგენლობაში შედიან სპეციალისტები, რომლებსაც წლების განმავლობაში ისეთ ლეგენდარულ ბრენდებში უმუშავიათ, როგორებიცაა Singer, McLaren, Lotus და Bentley.