Ford-მა უსაფრთხოების სისტემის პრეზენტაციისთვის 300-კილოგრამიანი დათვი დაიქირავა
როდესაც ავტომწარმოებლები ახალი უსაფრთხოების სისტემების პრეზენტაციას აწყობენ, როგორც წესი, მოსაწყენი დიაგრამებისა და კორპორატიული ტერმინოლოგიის ყურება გვიწევს. თუმცა, Ford-მა გადაწყვიტა სრულიად სხვა გზით წასულიყო და თავისი ახალი ტექნოლოგიის, Ford Security Package-ის გამოსაცდელად ნამდვილი კინოვარსკვლავი დაიქირავა — 360-კილოგრამიანი კოდიაკის დათვი, სახელად ტეგი, რომელიც მაყურებელმა სერიალ Yellowstone-დან გაიცნო.
Ford-ის დავალებით, ტეგი თავს დაესხა მდიდრულ პიკაპს, F-150 Platinum-ს. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დათვმა მანქანა გვარიანად შეანჯღრია, კლანჭებით დაკაწრა ძარის პანელები, ჩაამსხვრია მინა და... რაც ყველაზე გასაოცარია, მიხვდა, როგორ გაეღო ავტომობილის კარი.

ფაქტია, რომ ტეგი თავის საქმეში ბრწყინვალეა, პიკაპის მიერ ამ თავდასხმის გაძლება კი — შთამბეჭდავი. თუმცა, სანახაობას რეალობასთან ნაკლები კავშირი აქვს. დღევანდელი ქურდები ხომ მანქანებს კლანჭებითა და ძალით აღარ უმკლავდებიან...
თანამედროვე კრიმინალები იყენებენ სიგნალის გამაძლიერებლებს, გასაღების კლონირების მოწყობილობებსა და CAN-bus ჰაკერულ ტექნოლოგიებს. მართალია, ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ Ford-ს ფიზიკური ზიანის მიღება და დაფიქსირება შეუძლია, თუმცა ბევრად რელევანტური იქნებოდა, კომპანიას თავისი სისტემა რეალური, ციფრული ქურდების წინააღმდეგ გამოეცადა. მაგრამ, ეს ალბათ ბევრად ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდოდა.

რას აკეთებს უსაფრთხოების პაკეტი რეალურად?
თუკი მარკეტინგულ ნაწილს გვერდზე გადავდებთ, თავად ტექნოლოგია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. Ford Security Package მოიცავს სალონში უცხო პირის შეღწევის დაფიქსირებას და მყისიერ შეტყობინებებს, კარების არალეგალური გაღებისა და ტექნიკური აპარატურის გათიშვის მცდელობის კონტროლს, ავტომობილის კამერების დისტანციურ კონტროლსა და ვიდეომასალის Cloud-ში შენახვას, ძრავის დაქოქვის დისტანციურ ბლოკირებას და უსაფრთხოების ცენტრთან პირდაპირ კავშირს.
ყველაზე დიდი ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ამ სასარგებლო ფუნქციების გამოსაყენებლად, მფლობელები ვალდებულნი არიან სრულად ჩაერთონ Ford-ის დაკავშირებულ ეკოსისტემაში. ეს ნიშნავს ყოველთვიურ გამოწერას და, რაც მთავარია, ავტომობილის მიერ თქვენი პირადი მონაცემების მუდმივ შეგროვებას.

თეორიულად, ამ უსაფრთხოების ფუნქციების უმეტესობას შეუძლია იარსებოს ისე, რომ მწარმოებელმა მძღოლის შესახებ ამხელა მოცულობის ინფორმაცია არ შეაგროვოს. თუმცა, თანამედროვე ავტოინდუსტრიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ციფრული სერვისები და მომხმარებლის პირადი მონაცემების მითვისება (ხშირად პარტნიორ კომპანიებზე შემდგომი მიყიდვის მიზნით) ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილებია.
საბოლოო ჯამში, სანამ კომპანიები მონაცემთა ბიზნესით არიან დაკავებულნი, ამ შოუდან ყველაზე დიდი გამარჯვებული მაინც დათვი ტეგი გამოვიდა.