ჯერემი კლარკსონმა Ferrari Enzo-სთვის BBC-ის წესებიც კი დაარღვია | რას ჰყვება Pink Floyd-ის დრამერი
ლეგენდარული საავტომობილო გადაცემა Top Gear-ი ერთგულ მაყურებელს არაერთი დაუვიწყარი ეპიზოდით დაამახსოვრდა. გამონაკლისი არც მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი სუპერქარის, Ferrari Enzo-ს გამოჩენა ყოფილა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გადაცემაში Enzo-ს გამოჩენის უკან საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო ისტორია იმალება.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari
ამის შესახებ ბრიტანული როკჯგუფის, Pink Floyd-ის დრამერმა, ნიკ მეისონმა Road to Success-ის პოდკასტში ისაუბრა. მისი თქმით, 2005 წელს, მაშინ როდესაც Top Gear-ს ლეგენდარული ტრიო — ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი - უძღვებოდნენ, კლარკსონმა BBC-ს მკაცრი წესები დაარღვია, რათა მისი Ferrari Enzo გადაცემაში გამოეჩინა.

იმ პერიოდში Top Gear Ferrari Enzo-ს შესახებ სიუჟეტის მომზადებას გეგმავდა, თუმცა ავტომობილის მფლობელების უმეტესობა საკუთარ, უკიდურესად ძვირად ღირებულ სუპერქარს გადაცემისთვის უსასყიდლოდ არ ათხოვებდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა კლარკსონმა, მეისონისთვის უჩვეულო შეთავაზება გაეკეთებინა.
შეთანხმების პირობებით, თუ მუსიკოსი გადაცემისთვის საკუთარ Ferrari Enzo-ს გაანათხოვრებდა, მაშინ Top Gear-ის ეთერში გადაცემა მის წიგნს, Inside Out: A Personal History of Pink Floyd-ს აქტიურად გაარეკლამებდა. როგორც ნიკ მეისონი იხსენებს, შეთანხმება სიტყვასიტყვით შესრულდა.

„კადრი Ferrari Enzo-თი იწყებოდა და შემდეგ ჯერემი მეკითხებოდა: „რა გრძნობა იყო Ferrari-სგან ავტომობილის შესაძენად ნებართვის მიღება? მე კი ვპასუხობდი: „ჯერემი, ეს თითქმის ისეთივე ამაღელვებელი მომენტი იყო, როგორიც ჩემი წიგნის გამოცემა“ – ამბობს მეისონი.
თუმცა ისტორია ამით არ სრულდება. გადაცემის სტუდიაში დამსწრე მაყურებლები სპეციალური მაისურებით იყვნენ წარმოდგენილნი, რომელზეც ეწერა: „ნიკი შესანიშნავი ავტორია. ეს წიგნი იდეალური საშობაო ავტომობილია“. ამ ფორმით კი წიგნის რეკლამა გადაცემის ერთ-ერთ მთავარ ხუმრობად გადაიქცა.

როგორ დაარღვია ჯერემი კლარკსონმა BBC-ის წესები?
BBC, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, მკაცრად იცავს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპებს. შესაბამისად, სატელევიზიო გადაცემაში რეკლამის, პროდუქტის განთავსებისა და მსგავსი ტიპის კომერციული ფორმები მაქსიმალურად შეზღუდულია. ამ გზით, საზოგადოებრივი დაფინანსებით შექმნილი კონტენტი სარეკლამო ინტერესებისგან თავისუფალია. თუმცა Top Gear-ის გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა და ეს თან ხუმრობადაც აქცია. იმავე ეპიზოდში გადაცემაში სტუმრად გერი ჰალიუელიც იმყოფებოდა, რომელიც კლარკსონმა ხუმრობით „გააფრთხილა“, რომ მას საკუთარ ახალ ალბომზე საუბრის უფლება არ ჰქონდა.

„გაჩერდი.. ჩვენს გადაცემაში რეკლამებს არ ვაკეთებთ, არ გვინდა შენი ალბომის სახელიც კი ვიცოდეთ... თუ, რა თქმა უნდა, ნახევარმილიონი სუპერქარი არ გყავს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია, რაც გინდა, ის თქვა“, – იხუმრა კლარკსონმა.
დღემდე Ferrari Enzo მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათეს და მოთხოვნად სუპერქარად რჩება. ეს მოდელი მხოლოდ 400 ეგზემპლარად იწარმოება, ხოლო აუქციონებზე მისი ღირებულება ხშირად 6-დან 15 მილიონ დოლარამდე აღწევს.