წლის საუკეთესო ავტომობილის დაჯილდოება, ჩინური ავტომობილები, ევროპის საუკეთესო ავტომობილის ჯილდო, ბიემვი აიიქს3 ნოიე კლასე, ჰიუნდაი აიონიქ 3, კია ივ2
Aa
Aa

არცერთი ჩინური? | ევროპის წლის ავტომობილის ტიტულისთვის შვიდი ელექტრომობილი იბრძოლებს

ევროპის წლის ავტომობილის დაჯილდოებისთვის 2027 წლის ფინალისტთა სიაში მხოლოდ ელექტრომობილებია. შვიდივე მოდელი სრულად ელექტროძრავაზე მუშაობს — სიაში არცერთი შიგაწვის ძრავის მქონე მოდელი არ გვხვდება, მათ შორის არც ჰიბრიდები და დამმუხტვადი (plug-in) ჰიბრიდები. ამასთან, ფინალისტებს შორის არც ჩინური ბრენდების მოდელები მოხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ავტომობილები ევროპაში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

ელექტრომობილების გამარჯვება ევროპის წლის ავტომობილის კონკურსისთვის სიახლე არაა. 1964 წელს, მაშინ, როდესაც ჯილდო პირველად გაიცა, გამარჯვებული Rover 2000 გახდა. ელექტრომობილებიდან კი პირველი Nissan Leaf-ი იყო, რომელმაც ტიტული 2011 წელს მოიპოვა. 2019 წელს გამარჯვება Jaguar I-Pace-ს ერგო, 2026 წელს კი — Mercedes-Benz CLA-ს. ეს უკანასკნელი როგორც ელექტრო, ისე ჰიბრიდული ვერსიით იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა კონკურსის ისტორიაში პირველად ფინალისტთაგან შვიდივე სრულად ელექტრო ავტომობილია. ეს სია 25 ევროპული ქვეყნიდან 65 კაცისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეადგინა. ფინალისტთა შორის არიან BMW iX3 Neue Klasse, Cupra Raval-ი, Hyundai Ioniq 3, Kia EV2, Renault Twingo, Volkswagen ID Polo და Volvo EX60.

საინტერესოა, რომ ამ მოდელებმა ფინალისტთა სიაში მოსახვედრად ისეთი მოდელები ჩამოიტოვეს, როგორებიცაა: Renault Clio, Mercedes-Benz GLC, Polestar 5, Honda Prelude, Toyota RAV4 და Audi A2 e-tron-ი.

შვიდივე ფინალისტი ნოემბერში, მილანის მახლობლად მდებარე Stellantis-ის Balocco-ს სატესტო ტრასაზე გამოიცდება. გამარჯვებულს კი 2027 წლის 8 იანვარს, ბრიუსელის ავტოშოუზე გამოაცხადებენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფინალისტთა სიაში ჩინური ავტომობილების არყოფნა შესაძლოა იმაზე მეტად საყურადღებოც კი იყოს, ვიდრე ელექტრომობილების სრული დომინირება. ჩრდილოეთ ამერიკაში ეს გასაკვირი არ იქნებოდა, რადგან აშშ-ში ისინი უბრალოდ არ იყიდება, თუმცა ევროპაში მათი გაყიდვები შესამჩნევად იზრდება და გაყიდული ყოველი ათი ავტომობილიდან ერთი ჩინური წარმოებისაა.

თუმცა ჩინური მოდელები, მათ შორის ჰიბრიდები, კონკურსის საწყის 38-ავტომობილიან სიაში წარმოდგენილნი იყვნენ. მაგალითად, BYD Dolphin G, სპორტული Denza Z9GT და Leapmotor-ის B05 და B03X. ასევე გვხვდებოდა MG-ის სამი ავტომობილი: IM5, MG4 Urban-ი და MGS6. თუმცა ვერცერთი მათგანი ფინალურ შვიდეულში ვერ მოხვდა.

თუმცა ერთი მოდელი გარკვეულ კავშირში მაინც არის ჩინეთთან. ეს მოდელი Volvo EX60 გახლავთ. Volvo კი ჩინურ Geely-ს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, EX60 შვედეთში მდებარე ქარხანაში იწარმოება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები