აი, რატომ უნდა წაიკითხოთ ყველა შეტყობინება, რომელსაც Tesla-ს ეკრანზე ხედავთ...
Tesla-ს მიერ პროგრამული განახლებით დამატებულმა ახალმა ფუნქციამ, სახელწოდებით „Emergency Drive Away“, სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფუნქცია განკუთვნილია ამერიკელი მძღოლებისთვის, რომლებსაც Supercharger-ისგან მოშორება სასწრაფოდ ესაჭიროებათ და კაბელის გამოერთებას ვერ ასწრებენ. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერიმენტებმა და უყურადღებობამ შედეგი არ დააყოვნა — ინტერნეტში პირველი ვიდეო გავრცელდა, სადაც მძღოლმა ეს ფუნქცია შეცდომით, სრულიად უადგილოდ გაააქტიურა.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
ინციდენტი ოსტინში, ფორმულა 1-ის გრანპრის პარალელურად მოხდა. მუქი ლურჯი ფერის Model 3-ის მძღოლი დამმუხტველთან იდგა, როდესაც მეზობელ სადგურზე მდგომი სხვა Tesla-ს მფლობელმა ვიდეო გადაიღო. კადრებში ჩანს, თუ როგორ აჭერს მძღოლი ეკრანზე ღილაკებს, რის შემდეგაც ელექტრომობილი მკვეთრად წინ იჭრება... მანქანამ მხოლოდ რამდენიმე მეტრი გაიარა და გაჩერდა, თუმცა დამმუხტველი კაბელი უკვე მოწყვეტილი იყო. მიხვდა რა დაშვებულ შეცდომას, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და თავში ხელები შემოირტყა.
View this post on Instagram
რატომ შეიქმნა ეს ფუნქცია და რა საფრთხეს შეიცავს ის?
„Emergency Drive Away“ სისტემა Tesla-მ ძირითადად უსაფრთხოების მიზნით, 2026 წლის აგვისტოში აიდაჰოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეიმუშავა, როდესაც დამმუხტველთან მდგომი ადამიანები შეიარაღებული თავდასხმის სამიზნენი გახდნენ. ფუნქციის მიზანია, კრიტიკულ სიტუაციაში მძღოლმა წამებში შეძლოს ტერიტორიის დატოვება.
თუმცა, როგორც Reddit-ზე ვიდეოს ავტორი წერს, მძღოლი აშკარად გადაღლილი იყო და ეკრანზე გამოსული გამაფრთხილებელი წარწერები ბოლომდე არ წაუკითხავს — ბევრს კი ჩვევად აქვს, რომ ეკრანზე OK-ს მექანიკურად, დაუფიქრებლად დააჭიროს.

მსგავსი შეცდომა მძღოლს ძალიან ძვირად დაუჯდება. Tesla-ს გაფრთხილებით, Supercharger-ის დამმუხტველის დაზიანებამ შესაძლოა $25 000 დოლარამდე ზარალი გამოიწვიოს, ხოლო თავად ელექტრომობილი სავალდებულო სერვისსა და პორტის შეკეთებას საჭიროებს.
ინტერნეტ-მომხმარებლები უკვე გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ Tesla-მ მომავალ განახლებებში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ვიზუალური და ხმოვანი გაფრთხილებები (მაგალითად, ეკრანის წითლად ციმციმი და ხმოვანი სიგნალი) უნდა დაამატოს, რათა მძღოლები დროულად გამოფხიზლდნენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს