კოლექციონერი 20 წლის ნაგროვებ 83 ცალ Mercedes-Benz-ს ყიდის | მოდელები საწყისი ფასის გარეშე იყიდება
ავსტრიელმა კოლექციონერმა, ჰანეს დაქსეკერმა, Mercedes-Benz-ის მოდელების კოლექცია, რომელსაც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აგროვებდა, გასაყიდად გამოიტანა. Sammlung Sonderklasse-ს სახელით ცნობილი კოლექცია სულ გერმანული ავტომწარმოებლის 83 ავტომობილს აერთიანებს და 2026 წლის 7 ნოემბერს ავსტრიული აუქციონის სახლის, Humer, Granner & Co.-ის მეშვეობით გაიყიდება.
ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო
კოლექციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ გამოტანილი ლოტების საერთო ღირებულება სავარაუდოდ რამდენიმე მილიონს შეადგენს. თუმცა ჩვენს ყურადღებას ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იპყრობს — აუქციონზე გამოტანილი 85-ვე ავტომობილი სარეზერვო ფასის გარეშე იყიდება.
როგორც წესი, კლასიკური მოდელების კოლექციონერები განსაკუთრებულ ყურადღებას ძრავის მახასიათებლებს, ქარხნულ მდგომარეობასა და ავტომობილების ისტორიას აქცევენ. ჰანეს დაქსეკერის კოლექციაში კი ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს — ფერებს — ექცევა.

კოლექციაში მკვეთრი და თვალშისაცემი ფერები იშვიათია. ავტომობილთა უმეტესობა შედარებით წყნარ ტონებშია წარმოდგენილი, მათ შორის ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობა, მუქი მწვანე და კრემისფერი. კაშკაშა წითელი ან ღია ცისფერი ავტომობილები 83-მანქანიან კოლექციაში მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ გვხვდება.
დაქსეკერმა გერმანული მოდელების კოლექციის შექმნა დაახლოებით 20 წლის წინ ერთი Mercedes-Benz 280 SE სედანის შეძენით დაიწყო. დროთა განმავლობაში კი მისი ყურადღება Mercedes-ის სხვა მოდელებმაც მიიპყრო, მათ შორის იყო ფლაგმანური S-Class-ები, მოდელები 1970-იანი, 1980-იანი და 1990-იანი წლებიდან.
კოლექციაში წარმოდგენილია რამდენიმე გამორჩეული მოდელი:
1968 წლის Mercedes-Benz 300 SEL
1964 წლის Mercedes-Benz 300 SE (გრძელი თვლის ბაზა)
1976 წლის Mercedes-Benz 450 SEL 6.9 (W116)
1975 წლის Mercedes-Benz 450 SEL
W126-ის 25 სხვადასხვა სედანი
მიუხედავად იმისა, რომ კოლექციის ძირითადი ნაწილი გასული საუკუნის მეორე ნახევრის სედანებია, აქ გაცილებით ძველი და რამდენიმე თანამედროვე ავტომობილიც გვხვდება. მათ შორისაა 1933 წლის Mercedes-Benz 170 Sport-Roadster-ი, 1938 წლის 320N Cabriolet A და 2004 წლის Maybach 62. კოლექციის მარგალიტები კი 1959 წლის 300 SL Roadster-ი, 1968 წლის „Wilfert“ 300 SE 6.3 პროტოტიპი და ლეგენდარული 600 Pullman-ი გახლავთ.
რატომ იყიდება ავტომობილები საწყისი ფასის გარეშე?
კოლექციონერის გადაწყვეტილება, Mercedes-ის მოდელები საწყისი ფასის გარეშე გაყიდოს, მართლაც რომ უჩვეულოა. თუმცა ფაქტია, რომ აუქციონზე არცერთი ავტომობილისთვის მინიმალური გასაყიდი ფასი განსაზღვრული არ არის. შედეგად, ამ შემთხვევაში ყველა ავტომობილი იმ თანხად გაიყიდება, რასაც აუქციონზე მონაწილეები შესთავაზებენ.
Mercedes-Benz-ის კლასიკურ მოდელებზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეს იშვიათი ავტომობილებიც აუქციონზე დიდ ინტერესს გამოიწვევს. განსაკუთრებით კი კოლექციონერები, წესით, კოლექციის ყველაზე ძვირადღირებული მოდელებით — 1959 წლის 300 SL Roadster-ით, 1968 წლის 300 SE 6.3 პროტოტიპითა და 600 Pullman-ით — უნდა დაინტერესდნენ.
აუქციონი 2026 წლის 7 ნოემბერს გაიმართება. წინასწარი შეფასებით, 83 ავტომობილისგან შემდგარი კოლექციის საბოლოო ღირებულებამ შესაძლოა $2.5 მილიონიდან $4.5 მილიონამდე მიაღწიოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს