მეორადი ელექტრომობილები უკვე ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე ძვირი ღირს | რამ გამოიწვია ცვლილება?
მეორადი ელექტრომობილების გაუფასურების ეპოქა, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა და უფრო მეტიც, ბაზარზე ისინი უკვე ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე ძვირადაც კი იყიდებიან. წლების განმავლობაში მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება და ეს ზრდა მათ ფასებზეც აისახება.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
iSeeCars-მა უახლესი კვლევისთვის 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე პერიოდში 1-დან 5 წლამდე ასაკის 1.5 მილიონზე მეტი მეორადი ავტომობილის მონაცემები გააანალიზა.
კვლევის შედეგებით, მეორადი ელექტრომობილების საშუალო ფასი 9.8%-ით გაიზარდა. ეს თითქმის ორჯერ მეტია ჰიბრიდების ფასების მატებაზე. ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს.

მეორადი ელექტრომობილის საშუალო ფასი ახლა $32 533-ია, ბენზინზე მომუშავე ავტომობილის კი — $31 954.
მეორადი ელექტრომობილის საშუალო ფასი ახლა 32 533 დოლარია, ბენზინზე მომუშავე ავტომობილის კი — 31 954 დოლარი. სხვაობა 579 დოლარია. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან 2025 წლის სექტემბერში ელექტრომობილები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე საშუალოდ 2 227 დოლარით იაფი იყო. საინტერესოა, რომ ჰიბრიდები კვლავ ყველაზე ძვირ კატეგორიად რჩება — მათი საშუალო ფასი $34 476-ია.

iSeeCars-ის აღმასრულებელი ანალიტიკოსი კარლ ბრაუერი ავტომობილების ტიპების მიხედვით ფასების ცვლილებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, საწვავის გაძვირებაც მოხვდა, რაც ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს მყიდველებისთვის უფრო მიმზიდველ შეთავაზებად აქცევს. ამას კი, როგორც ადრეც გვითქვამს, ფედერალური საგადასახადო შეღავათების გაუქმებაც დაემატა.
ელექტრომობილები სადილეროების ავტოსადგომებზე უფრო ნაკლებ დროსაც ატარებენ. 2026 წლის სექტემბერში მათი გაყიდვისთვის საჭირო დრო საშუალოდ 41.9 დღე იყო, მაშინ როდესაც ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს 54.8 დღე, ჰიბრიდებს კი 48.6 დღე სჭირდებოდათ.

მეორად ბაზარზე ყველაზე სწრაფად გაყიდული ელექტრომობილების სამეული ასეთია:
Audi Q4 Sportback e-tron — 29.8 დღე
Toyota bZ4X — 33.3 დღე
Lexus RZ 300e — 34.3 დღე
ყველაზე ნელა გაყიდული მოდელების სამეულში კი შედის:
Cadillac Escalade IQ — 128.7 დღე
GMC Sierra EV — 93.2 დღე
Chevrolet Silverado EV — 89.1 დღე
მნიშვნელოვნად გაძვირდა Tesla-ს მეორადი მოდელების ფასებიც. ღირებულების მატება დაფიქსირდა Model S-ის, Model X-ისა და Model 3-ის შემთხვევაში, შესაბამისად, 22.5%-ით, 18%-ითა და 15.4%-ით. მეორად ბაზარზე Tesla Model S-ის საშუალო ფასი ახლა $57 862-ია, Model 3-ის კი — 28 931 აშშ დოლარი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს