აუქციონი, რესტავრაცია, ნისანი, სპორტქარი, ჯეი დი ემი, ნისან 300ზეტიქსი
Aa
Aa

ამ Nissan 300ZX-მა ავტოფარეხში 28 წელი გაატარა, ახლა კი მისი აღდგენის დროა

ცნობილი YouTube არხის — ChrisFix-ის ავტომექანიკოსმა და ბლოგერმა, რომლის სახელოსნოც მილიონობით მძღოლს ეხმარება მანქანის დამოუკიდებლად შეკეთებაში, eBay-ზე აღმოჩენილი 1990 წლის Nissan 300ZX სულ რაღაც $2300 დოლარად შეიძინა. ყვითელი ფერის კუპემ ავტოფარეხში თითქმის 28 წელი უმოქმედოდ გაატარა.

გამყიდველმა ეს ავტომობილი ძმისგან მემკვიდრეობით მიიღო. ChrisFix-მა საწყისი ფასი, რომელიც eBay-ის განცხადებაში $4900 დოლარს შეადგენდა, წარმატებით ჩამოათამაშა და საბოლოოდ ლეგენდარული JDM-ი ძალიან იაფად ჩაიგდო ხელში.

ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?

შეძენილი 300ZX წარმოდგენილია 2+0 ადგილიანი T-Top კუპეს ძარით, რომლის კაპოტქვეშაც ატმოსფერული, 3.0-ლიტრიანი V6 ძრავი იმალება. მანქანის ქარხნული სიმძლავრე 222 ცხენის ძალასა და 268 ნიუტონს შეადგენდა, რაც 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის წყალობით საშუალებას იძლეოდა, სპორტქარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 6.7 წამში აჩქარებულიყო, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ განევითარებინა.

ავტომობილის გარბენი 106 000 მილს (დაახლოებით 170 000 კმ) შეადგენს, რაც ამ ასაკის სპორტული მანქანისთვის ნორმალური მაჩვენებელია. დოკუმენტებისა და რეგისტრაციის მიხედვით, მანქანა გზებზე ბოლოს 1998 წელს გამოჩნდა. ამ ფასის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საინტერესოა დღევანდელი ბაზრის ტენდენციებიც. 1990-იანი წლების იაპონური სპორტული მანქანების მიმართ ინტერესი კოლოსალურად გაიზარდა — მაგალითად, ზუსტად ამავე წლოვანების Twin-Turbo ვერსიამ აუქციონზე ახლახან თითქმის $48 760 დოლარის შეთავაზება მიიღო. ცნობისთვის, 1990 წელი ზუსტად Z32 თაობის დებიუტი იყო ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, სადაც ის მაშინვე ბესტსელერი გახდა და  39 290 ერთეული გაიყიდა.

ChrisFix-მა ავტომობილს პირველადი ვიზუალური და კოსმეტიკური რესტავრაცია უკვე ჩაუტარა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გაწმინდა მან ბორბლები, ძრავის განყოფილება, ძარის ქვედა ნაწილი და ინტერიერი, გააპრიალა გაფერმკრთალებული საღებავი და აღადგინა სპოილერი. დაზიანებული წინა ბამპერი კი ახლით ჩაანაცვლა და ძარის ფერში შეღება.

თუმცა, ძრავისთვის ჯერ ხელი არ უხლია. სანამ ეს 300ZX თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ პირველად დაიქოქება, აუცილებელია საწვავის სისტემის სრული გაწმენდა, აალების სისტემის შემოწმება, ახალი აკუმულატორის დამონტაჟება, ღვედების, შლანგებისა და მუხრუჭების გამოცვლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ათწლეულობით გაჩერებული მანქანების შემთხვევაში, რეზინის დეტალები დროთა განმავლობაში ხმება და ნამდვილი სიურპრიზები სწორედ ტექნიკური ნაწილის აღდგენისას იწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები