BMW-ის ქარხანაში ახალი თანამშრომელი ჰყავს | იმ მოვალეობებისთვის, რომელთა შესრულებაც ადამიანებს არ სურთ
გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე საწარმოში ახალი თაობის ჰუმანოიდი რობოტი, Figure 03 „დაასაქმა“. რეალურად ეს სიახლე სულაც არაა, რადგან მიუნხენში ბაზირებული კომპანია მსგავსი ტიპის რობოტებს უკვე დაახლოებით ორი წელია, რაც იყენებს, თუმცა ახალი მოდელი გაცილებით დახვეწილია და გარეგნულადაც უფრო მეტად ემსგავსება ადამიანს.

Figure 03 ამერიკული კომპანია Figure-ს მიერ შექმნილი რობოტია, რომლის მთავარი დანიშნულება ქარხანაში ლოგისტიკური პროცესების გამარტივებაა. ცნობისთვის, საწარმოში შესული კომპონენტები და ნაწილები ძირითადად დიდ კონტეინერებში, დაუხარისხებლად იგზავნება. ახალი რობოტი სწორედ ამისთვისაა — მისი მოვალეობაა მათი ამოღება, დახარისხება და სპეციალურ სატრანსპორტო ურიკებში განთავსება.
შემდეგ ეს ურიკები განსაზღვრულ პუნქტში გადადის და იქიდან ავტომატიზებულ სატრანსპორტო სისტემას საწარმოო ხაზამდე მიაქვს. საბოლოოდ კი, ამ დეტალებს უკვე ადამიანები, BMW-ის ახალი მოდელების ასაწყობად იყენებენ.

აქვე საინტერესოა, რომ Figure 03-ის ფუნქციები სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც მისი წინამორბედი, გასული თაობის მოდელი Figure 02 ასრულებდა. ცნობისთვის, გასული თაობის რობოტები ქარხანაში 11-თვიანი საპილოტე პროგრამის ფარგლებში მუშაობდნენ და ძირითადად, შედუღების პროცესისთვის საჭირო ლითონის ფირფიტებს ათავსებდნენ. ამ პერიოდში მათ 30 000-ზე მეტი BMW X3-ის წარმოებაში მიიღეს მონაწილეობა.
BMW Manufacturing-ის წარმოების კონტროლისა და ლოგისტიკის ვიცე-პრეზიდენტის, ულრიხ ვილანდის განცხადებით, „სპარტანბურგის ქარხანა BMW-ისთვის ჰუმანოიდი რობოტების ყოველდღიურ საწარმოო პროცესში ჩართვისთვის საწყისი წერტილია“. „Figure 02-თან ერთად საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოხარულები ვართ, რომ ახლა Figure 03-ს ლოგისტიკურ პროცესებშიც გამოვიყენებთ“.

BMW ხაზგასმით ამბობს, რომ ჰუმანოიდი რობოტებით ადამიანების ჩანაცვლება არ იგეგმება. კომპანიის შეფასებით, ისინი არსებული ავტომატიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და განსაკუთრებით დიდ სარგებელს მოაქვს ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც ერთფეროვანი, ფიზიკურად დამღლელი ან უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია.