მერსედესი, მერსედეს ბენცი, სკანდალი
Aa
Aa

კრიზისი Mercedes-ში | მეტი სამუშაო საათი, თუმცა იგივე ანაზღაურება

Mercedes-Benz-ი გერმანიაში სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომწარმოებელი ადგილობრივ ობიექტებში სამუშაო პირობების გამკაცრებას გეგმავს. მართალია, ეს ყოველივე ჯერ დამტკიცებული არაა, თუმცა გაყიდვების კლების ფონზე დამატებით ახალი სკანდალი, დიდი ალბათობით, გერმანული გიგანტის რეპუტაციაზე კარგად არ იმოქმედებს.

გერმანული გამოცემების ცნობით, Mercedes-მა თანამშრომლებს დროებით ბონუსების გადახდა შეუჩერა — რეალურად კი, ეს ბონუსები ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. კონკრეტულად, ბონუსები თანამშრომელთა თვიური ანაზღაურების დაახლოებით 18%-ს შეადგენდა და კომპანიას ისინი ივლისში უნდა დაეფარა. თუმცა შეცვლილი გეგმით, დაფარვის ვადა მომდევნო წლამდე გადავადდა. აღნიშნული ცვლილება დაახლოებით 90 000 თანამშრომელს ეხება.

კომპანიამ გადაწყვეტილება პროფკავშირებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე მიიღო, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. წესით, ეს Mercedes-სა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის საკამათო საკითხადაც იქცევა.

თუმცა ეს ყველაფერი არაა: სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Mercedes-Benz-ი სამუშაო კვირის 35 საათიდან 40 საათამდე გაზრდას გეგმავს — თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს იმავე ხელფასზე, შესაძლოა, წლიურად დამატებით 260 საათი მოუწიოთ მუშაობა.

ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

პროფკავშირები გერმანული კომპანიის გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი თავმჯდომარის განცხადებით, კონკურენტუნარიანობის ზრდა თანამშრომლების დატვირთვის გაზრდით და ანაზღაურების გარეშე მუშაობის იძულებით ვერ მიიღწევა. მისივე თქმით, კომპანიას ახლა ყველაზე მეტად ინოვაციები, მიმზიდველი პროდუქტები და კვალიფიციური სამუშაო ძალა სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები