ახალი Ford Ranger Plug-in-ი — მანქანა, რომელიც გენერატორს ფუნქციას ართმევს
Ford-მა ახალი დამუხტვადი ჰიბრიდული Ranger-ის გამოშვებით ძალიან ამბიციური განაცხადი გააკეთა. ავტომწარმოებლის განცხადებით, მომხმარებლებს, რომლებიც სამუშაო მოედნებზე, ღონისძიებებზე ან დისტანციურ ობიექტებზე პორტატულ გენერატორებს იყენებენ, Ranger PHEV-ში ხელმისაწვდომი Pro Power Onboard სისტემის წყალობით, ისინი აღარ დასჭირდებათ.
თუ Ford-ის ტესტირების შედეგები ზუსტია, პიკაპი არა მხოლოდ ანაცვლებს გენერატორს, არამედ ამ მოწყობილობის მაჩვენებლებს თითქმის ყველა მნიშვნელოვან კატეგორიაში აუმჯობესებს. რაც ყველაზე უცნაურია, Ranger PHEV მხოლოდ ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში იყიდება და კომპანიას ამჟამად არ აქვს გეგმები, რომ ეს მოდელი მშობლიურ, აშშ-ის ბაზარზე შეიყვანოს.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ტესტების სერია თავის საინჟინრო ცენტრში, რომელიც ინგლისის ქალაქ დანტონში მდებარეობს, ახლახან ჩაატარა. ინჟინრებმა ერთმანეთს შეადარეს ტიპური 4 კილოვატიანი პორტატული ბენზინის გენერატორი და Ranger PHEV-ის 6.9 კილოვატიანი Pro Power Onboard სისტემა. Ford-ის განცხადებით, მათ შეარჩიეს გამოყენების ყველაზე გავრცელებული სცენარები, მათ შორის ელექტროინსტრუმენტების ელემენტების დამუხტვა, გამათბობლების მუშაობა, ჩაიდნის ადუღება და მაღალი ელექტრული დატვირთვის შენარჩუნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

შედარება გამონაბოლქვსა და საწვავის მოხმარებაზე იყო ფოკუსირებული. ეს საკითხი საკვანძოა, რადგან ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, თუ რამდენად დიდ დაბინძურებას იწვევს ჩვეულებრივი გენერატორი თავისი დაბალი ეფექტურობის გამო. ტესტების მიხედვით, ავტონომიურმა გენერატორმა ბევრად მეტი აზოტის ოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნახშირწყალბადი გამოყო, ვიდრე Ranger PHEV-მა იდენტური რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებისას. ზოგიერთ სცენარში გენერატორის მიერ გამოყოფილი აზოტის ოქსიდის დონე 9000-ჯერ მაღალი აღმოჩნდა, ხოლო ნახშირბადის მონოოქსიდის მაჩვენებელმა პიკაპისას 1200-ჯერ გადააჭარბა. ეს ციფრები ლოგიკურია, რადგან პორტატულ გენერატორებს არ მოეთხოვებათ საავტომობილო ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა, მაშინ როცა მანქანები მკაცრ კონტროლს გადიან.

მომხმარებლებისთვის საწვავის მოხმარება შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს. Ford-მა პიკაპი რამდენიმე რეჟიმში შეამოწმა, მათ შორის სავსე ელემენტით, დაცლილი ელემენტითა და ცივი ძრავით, ასევე დაცლილი ელემენტითა და უკვე გახურებული ძრავით. თითოეულ შემთხვევაში, 4 კილოვატი სიმძლავრის მიწოდებისას, პიკაპმა ბევრად ნაკლები საწვავი მოიხმარა, ვიდრე ცალკე მდგომმა გენერატორმა. მას შემდეგ, რაც სატვირთო სრულად გახურდა და ელემენტი გამოიყენა, საწვავის მოხმარება გენერატორთან შედარებით დაახლოებით მესამედამდე შემცირდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, უგზოობაზე გათვლილი მოდელის მიერ დაფიქსირებული შედეგები ძალიან შთამბეჭდავია.
