შეშაზე მომუშავე პიკაპმა 125 კმ/სთ სიჩქარე განავითარა
ჩვენს უმრავლესობას უკანა ეზოში ნავთობის ჭაბურღილები არ მოეპოვება, საწვავის ფასები კი მზარდია — შესაბამისად, მძღოლების ნაწილს უცნაური გამოსავლის ძიება უწევს. როგორც აღმოჩნდა, მცირეოდენი შრომით სრულიად შესაძლებელია, რომ შიგაწვის ძრავა შეშით აამუშაოთ და თქვენი ეზო ნამდვილ საწვავგასამართ სადგურად აქციოთ. იუთუბერმა Jp Prat Projects-მა თავისი მამის კვადრატულძარიანი Chevrolet პიკაპის მაგალითზე აჩვენა, რომ ეს 100 000 კილომეტრზე მეტის გავლა ხის წვითაც შეიძლება და შეიძლება ასეთი აგრეგატი საკმაოდ მძლავრიც იყოს.
ასევე იხილეთ: ისტორიაში ყველაზე უცნაური ავტომობილები
ამ სატვირთოს შესახებ ადრეც ვწერდით, თუმცა მას შემდეგ იუთუბერმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აეროპორტის დახურულ ასაფრენ ბილიკზე ერთმილიანი დისტანციის მაქსიმალური სიჩქარით გავლაა ასახული. პიკაპმა 125 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია, რაც, ბლოგერის მტკიცებით, ხის საწვავზე მომუშავე ავტომობილების ახალი მსოფლიო რეკორდია. ეს სავსებით რეალისტურად ჟღერს, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი ტექნოლოგიის მანქანებს შორის სიჩქარის რეკორდების მოხსნის მსურველთა დიდი კონკურენცია ნამდვილად არ შეინიშნება.
თავად ავტომობილი 1983 წლის Chevy-ია, რომელიც აღჭურვილია 1972 წლის 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით. ის მუშაობს აირზე, რომელიც კაბინის უკან დამონტაჟებულ დიდ ლითონის ცილინდრში ხის ნატეხების დაწვით მიიღება. ეს პროცესი გამოყოფს ნახშირბადის მონოოქსიდს, რომელიც წყალბადთან ერთიანდება სპეციალურ მოწყობილობაში — გაზიფიკატორში. სპეციალური ფილტრი სისტემაში ჭვარტლისა და ნაცრის მოხვედრას უშლის ხელს, ხოლო მათ შორის არსებული სარქველი აირის ნაკადს არეგულირებს.
აეროპორტამდე მისასვლელად ავტომობილმა 211 კილომეტრი გაიარა. მთელი ორმხრივი მგზავრობისა და სატესტო რბოლის გათვალისწინებით, საწვავის საშუალო მოხმარებამ ყოველ 60 მილზე დაახლოებით 36.5 კილოგრამი ხის მასალა შეადგინა. ვიდეოს მიხედვით, ხის აირის სისტემა ბენზინზე დაახლოებით 15 პროცენტით მეტ ენერგიას მოითხოვს, თუმცა, თუ შეშაზე ხელი მარტივად მიგიწვდებათ, ეს დიდი პრობლემა არ არის. უარყოფითი მხარე ისაა, რომ ასეთი მანქანის დაქოქვას მეტი დრო სჭირდება. მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია ფილტრის გაწმენდა და, ძველი ორთქლმავლების მსგავსად, სპეციალური ქვედა განყოფილებიდან ნაცრისა და ჭვარტლის დაცლა.

ამასთანავე, ხის ნატეხები ბევრად მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე თხევადი საწვავი. შორ მანძილზე მგზავრობისთვის საჭირო ტომრები, როგორც წესი, პიკაპის საბარგულში ინახება, თუმცა სიჩქარის რეკორდის დამყარების მცდელობისას ისინი დამხმარე ავტომობილის მისაბმელზე გადაიტანეს, რათა შეჯიბრისას Chevy მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, საწვავისთვის მთელი საბარგულის დათმობა ყოველდღიურ ცხოვრებაში უმრავლესობისთვის მოუხერხებელია, თუმცა მაინც საოცარი სანახავია, როგორ შეიძლება ძველი, მივიწყებული ტექნოლოგიის ასე ეფექტურად გამოყენება.