პიკაპი, ტოიოტა, ტოიოტა ჰაილუქსი, დამუხტვადი ჰიბრიდი
Aa
Aa

Toyota-ში ფიქრობენ, რომ პიკაპები დამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიის მისაღებად ჯერ მზად არ არიან

სანამ ჩინური ავტომწარმოებლები მომხმარებლებს დამუხტვადი ჰიბრიდული პიკაპებით იზიდავენ, Toyota სრულიად განსხვავებულ გზას ირჩევს. იაპონური ავტომწარმოებელი მიიჩნევს, რომ Plug-in ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არის მზად პიკაპების სეგმენტისთვის დამახასიათებელი მძიმე, ყოველდღიური სამუშაო დატვირთვისთვის, ამიტომ ამ ეტაპზე უფრო ტრადიციულ გადაწყვეტილებებს ანიჭებს უპირატესობას.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

გასულ წელს Toyota Hilux-ი ახალ თაობაში გადავიდა, რომელიც დიზელის, „მაილდ ჰიბრიდისა“ და სრულიად ელექტრო ვარიანტებით არის წარმოდგენილი, ხოლო 2028 წლისთვის ხაზს წყალბადზე მომუშავე FCEV ვერსიაც შეემატება. ეს სტრატეგია მას მკვეთრად გამოარჩევს კონკურენტ Ford Ranger-ისგან, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ უკვე ხელმისაწვდომია PHEV მოდიფიკაციით. სხვა ჩინური და გლობალური დამუხტვადი ჰიბრიდული საშუალო ზომის პიკაპების სიაში კი გვხვდება BYD Shark 6, GWM Cannon Alpha, Nissan Frontier Pro და მომავალი Chery Stockman. მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას ჰიბრიდულ ტექნოლოგიებში უდიდესი გამოცდილება აქვს, კომპანიას არ სურს ეს სისტემა თავის ყველაზე გაყიდვად პიკაპში მის ამჟამინდელ ფორმაში დანერგოს.

„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული კონკურენციაა და საკითხს ვსწავლობთ, თუმცა მანამ, სანამ ტექნოლოგია სრულყოფილად მზად არ იქნება, ნაჩქარევ პროდუქტს ბაზარზე არ გამოვიტანთ. ამჟამად, PHEV სისტემებისა და ზოგადად ელექტრიფიკაციის მთავარი გამოწვევა დამატებითი წონაა, რაც ავტომობილის ტვირთამწეობასა და ბუქსირების შესაძლებლობებს ამცირებს. ეს სისტემები დღეს არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ დააკმაყოფილოს ჩვენი სტანდარტები, თუ რას ნიშნავს მძიმე ბუქსირება Hilux-ის მომხმარებლისთვის“, — განაცხადა Toyota Australia-ს პროდუქტის დაგეგმვისა და ფასწარმოქმნის უფროსმა მენეჯერმა, რეი მანდეიმ.

მან ასევე დაამატა, რომ ტოიოტასა და კონკრეტულად Hilux-ის ბრენდის მიმართ მოლოდინები ძალიან მაღალია, შესაძლოა უფრო მაღალიც კი, ვიდრე სხვა პროდუქტების მიმართ, რაც ინჟინრებისთვის დამატებითი გამოწვევაა.

მარტივად რომ ვთქვათ, ტოიოტა შიშობს, რომ Hilux PHEV რეალურ პირობებში ვერ შეძლებს მისი დიზელის ანალოგის მსგავსად 3500 კგ-ის ბუქსირებასა და 1 ტონის ტვირთამწეობის შენარჩუნებას. ამის დასტურად გამოდგება ორძრავიანი სრულიად ელექტრო Hilux BEV-ის მონაცემებიც, რომლის ბუქსირების მაქსიმალური ლიმიტი მხოლოდ 2000 კგ-ს შეადგენს. შედეგად, ტოიოტას სამომავლო PHEV გეგმები კვლავ სამგზავრო ავტომობილებსა და SUV-ებზე დარჩება ფოკუსირებული, სანამ ტექნოლოგია მძიმე სამუშაოებისთვის საკმარისად არ დაიხვეწება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები