პოლიცია, ეს იუ ვი, ტექნოლოგიები, შევროლე, შევროლე ტახო
Aa
Aa

4.5 მილიონი დოლარი ოთხ Tahoe-ში | ტეხასის პოლიცია გზებზე თვალთვალის ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებს

ამერიკულ გზებზე პირადი სივრცის საზღვრები კიდევ უფრო ვიწროვდება. ცნობილი გახდა, რომ ტეხასის შტატის პოლიციამ  $4 487 500-ის ღირებულების საგანგებო შესყიდვა განახორციელა. ერთი შეხედვით, უწყებამ უბრალოდ ოთხი ახალი, 2026 წლის Chevrolet Tahoe შეიძინა. თუმცა, რეალურად ეს ავტომობილები ისრაელის უშიშროების სამსახურის ყოფილი პარტნიორი კომპანიის, Cognyte-ის ულტრათანამედროვე ჯაშუშური სისტემით, FalcoNet-ითაა აღჭურვილი.

ასევე იხილეთ: პრეზიდენტის ლიმუზინის და ესკორტის საიდუმლო ფუნქციები

 

ამ ტექნოლოგიას შეუძლია ფარულად ჩაეწეროს თქვენი მობილური ტელეფონისა და უახლოესი ანძის კავშირში, რითაც მასობრივად და უხმოდ აგროვებს გზაზე მიმავალი ადამიანების პერსონალურ მონაცემებს.

„გადაუდებელი აუცილებლობა“ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე

შესყიდვის ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ტეხასის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტმა მოითხოვა დამტკიცება „გადაუდებელი შესყიდვისთვის, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო პერსონალისა და ქონების უსაფრთხოების დასაცავად“. მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი შეფერხება გამოიწვევდა უსაფრთხოების მიუღებელ რისკებს, თუმცა დოკუმენტში საერთოდ არ არის დაკონკრეტებული, თუ რატომ გახდა ეს კონკრეტული სისტემა უეცრად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ეს არ არის ჩვეულებრივი საპოლიციო Tahoe-ები, რომელთა საწყისი ფასი 150 000 დოლარია. 4.5-მილიონიანი შესყიდვის ბიუჯეტი შემდეგნაირად ნაწილდება: FalcoNet Core სისტემა (4 ცალი): $2 850 000; არალიცენზირებული FalcoNet ბირთვი — $200 000; Delta 5G მუდმივი ლიცენზია FalcoNet V-ისთვის (4 ცალი) — $280 000; 2026 წლის Chevrolet Tahoe (4 ერთეული): $600 000; FalcoNet ზურგჩანთის ბირთვი (V2 – 6 x BTS): $355 500; მოქნილი ანტენების ნაკრები — $27 000; Cognyte PA Ranger (გამაძლიერებელი) — $105 000; არალიცენზირებული FalcoNet ზურგჩანთის ბირთვი — $70 000.

როგორ მუშაობს FalcoNet-ი?

თავისი არსით FalcoNet არის მოდერნიზებული, 5G-ზე მორგებული IMSI Catcher (ანუ ე.წ. Stingray-ს ტიპის მოწყობილობა). ის სიმულირებას უკეთებს ფიჭური კავშირის ანძას, რის გამოც მის რადიუსში მყოფი ყველა მობილური ტელეფონი ავტომატურად უკავშირდება მას. სისტემა იმდენად კომპაქტურია, რომ მისი მოთავსება შესაძლებელია როგორც ზურგჩანთაში, ისე ვერტმფრენსა თუ SUV-ში.

სპეციფიკაციების მიხედვით, ძირითადი მოდული სულ რაღაც 8 კილოგრამს იწონის (563მმ x 200მმ x 86მმ ზომით). სისტემა აღჭურვილია RJ45 LAN პორტებით, GPS-ისა და სინქრონიზაციისთვის განკუთვნილი SMA კონექტორებით და მუშაობს 24v-დან 36v-მდე ძაბვაზე. სრული სიმძლავრის დროს ის 260 ვატამდე ენერგიას მოიხმარს.


გარედან ეს ავტომობილები აბსოლუტურად სტანდარტულად გამოიყურება. ანტენები, როგორც წესი, დამალულია სპეციალურ სახურავის საბარგულებში (მაგალითად, Thule-ს მსგავს ყუთებში) ან შენიღბულია მცირე ზომის ფირფიტებად. Chevrolet-ის ქარხნული პოლიციური კომპლექტაცია (PPV) კი მათ აღჭურვავს მძლავრი V8 ძრავით, გაძლიერებული მუხრუჭებით, გამძლე დაკიდების სისტემითა და 250-ამპერიანი ალტერნატორით, რათა ამხელა აპარატურის კვება უპრობლემოდ შეძლოს.

მსგავსი მასობრივი და ფარული თვალთვალის კანონიერება აშშ-ში სერიოზული კამათის საგანია. მიუხედავად სამართლებრივი ბარიერებისა, სახელმწიფო სტრუქტურები მაინც აქტიურად ყიდულობენ მსგავს ტექნოლოგიებს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, გზაზე გადაადგილებისას, თითოეული მძღოლი პოტენციური ციფრული ჩხრეკის ობიექტი ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები