ჩინეთი, ავტოექსპორტი, ექსპორტი, ჩერი, ბივაიდი, გილი
Aa
Aa

პირველად ისტორიაში: ჩინეთმა ერთ თვეში ექსპორტზე მილიონზე მეტი ავტომობილი გაიტანა

2026 წლის ივნისში ჩინეთის ავტომობილების ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ქვეყანამ საზღვარგარეთის ბაზრებზე ერთი თვის განმავლობაში 1.06 მილიონი ავტომობილი გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71.2%-ით მაღალი მაჩვენებელია. ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მიმდინარე წელს ჩინეთის ავტოექსპორტი 10 მილიონ ერთეულს გადააჭარბებს, მაშინ, როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 7.1 მილიონი, ხოლო 2023 წელს 4.9 მილიონი იყო.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ექსპორტის ზრდა თავად ქვეყნის შიდა ბაზარზე მოთხოვნის შესუსტებას უკავშირდება. ელექტრომობილებზე სუბსიდიების შეწყვეტისა და შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტად გადაიტანეს ყურადღება და თან, საკმაოდ აქტიურადაც. თუმცა, ამ გააქტიურებას ევროპის კავშირსა და სხვა ქვეყნებში ჩინურ ავტომობილებზე ახალი ტარიფები მოჰყვა.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების განცხადებით, ელექტრომობილების ექსპორტის ზრდა გლობალურად დაბალი გამონაბოლქვის ეკონომიკისკენ გადასვლის შედეგია. ეს კი ჩინეთში ე.წ. „მწვანე პროდუქტებზე“ მოთხოვნას ზრდის. ჩინური ავტომობილები კი გლობალურ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რაც მათი შედარებით ხელმისაწვდომი ფასისა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დამსახურებაა.

ივნისში ჩინეთის მთლიანი ექსპორტი წლიურ ჭრილში 27%-ითაა გაზრდილი, ხოლო მაისთან შედარებით 19.4%-იან მატებას აფიქსირებს. შედეგები ანალიტიკოსების პროგნოზებს მნიშვნელოვნად აღემატება. ამ ზრდის ხელისშემწყობ ფაქტორებს შორისაა როგორც ავტომობილები, ასევე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნიკის ექსპორტი.

ჩინურ ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მაღალი შედეგები რამდენიმე კომპანიამ აჩვენა, მათ შორის არიან BYD, Geely და Chery. ივნისში BYD-მა საზღვარგარეთის ბაზრებზე 175 000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც წლიურად 95%-იან მატებას გვაძლევს. აქვე საინტერესოა, რომ BYD-ის სრული წარმოების რეკორდული 43% სწორედ უცხოურ ბაზრებზე გაიყიდა.

რაც შეეხება Geely-ს, ამ კონკურენტული ავტომწარმოებლის ექსპორტმა საზღვარგარეთის ბაზრებზე 102 874 ერთეულს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 100 000-იან ნიშნულს. ხოლო Chery-მ ივნისში ექსპორტზე 191 000-ზე მეტი ავტომობილი გაიტანა. შედეგად, ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც კომპანია ჩინურ ავტომწარმოებლებს შორის ყოველთვიური ექსპორტის ახალ რეკორდს ამყარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები