Toyota და BMW ისევ ერთიანდებიან — ამჯერად პლანეტის (და შიგაწვის ძრავის) გადასარჩენად
BMW და Toyota კიდევ ერთხელ აერთიანებენ ძალებს — ამჯერად მათი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვა და პარალელურად, შიგაწვის ძრავების გადარჩენაა. ორმა ავტოგიგანტმა, გერმანულ ტექნოლოგიურ გიგანტ Bosch-სა და ესპანურ ენერგეტიკულ კომპანია Repsol-თან ერთად, საპილოტე პროგრამა ჩაუშვა, რომელიც 100%-ით განახლებად ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს გამოცდის.
ასევე იხილეთ: ეკონომიურად მართვის რჩევები
პროგრამა, რომელიც მიმდინარე თვიდან ესპანეთში დაიწყო, ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სატესტო ფლოტი 20 სტანდარტული სერიული ავტომობილისგან შედგება (რომლებიც BMW-სა და Toyota-ს ადგილობრივი ავტოპარკიდან შეირჩა). ისინი ჩვეულებრივ გზებზე იმოძრავებენ და Repsol-ის მიერ შექმნილი 100%-ით განახლებადი ბენზინით — Nexa 95-ით გაიმართებიან.
პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს Bosch-იც. კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური სისტემა უზრუნველყოფს საწვავის სრულ კონტროლს — მისი წარმოებიდან დაწყებული, ავტომობილის მიერ მოხმარებითა და რეალური გამონაბოლქვის დეტალური მონიტორინგით დასრულებული.

პროექტის მთავარი მიზანია დაამტკიცოს ე.წ. VEEF-ის (Vehicles Running Exclusively on Eligible Fuels – ტრანსპორტი, რომელიც ექსკლუზიურად ეკოლოგიურ საწვავზე მუშაობს) ეფექტურობა. საიდუმლო არ არის, რომ Toyota-ც და BMW-ც წლებია აქტიურად ეძებენ ელექტრომობილების ალტერნატივებს. ისინი ერთობლივად მუშაობენ წყალბადის ტექნოლოგიებზე და უდიდეს რესურსს დებენ სინთეტიკური თუ განახლებადი საწვავის განვითარებაში.
რა არის Nexa 95 და რატომ მალავს Repsol-ი მის შემადგენლობას?
Nexa 95 არის 95-ოქტანობის მქონე ბენზინი, რომლის ჩასხმაც ნებისმიერ სტანდარტულ ბენზინის ძრავში ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშეა შესაძლებელი. მწარმოებლის თქმით, ეს საწვავი 70%-ით ამცირებს CO₂-ის ემისიას ტრადიციულ საწვავთან შედარებით.

Repsol-ს ამჟამად ნექსა 95-ის საწარმოებლად ერთი სამრეწველო ქარხანა აქვს, მეორის გახსნას კი მიმდინარე წელს გეგმავს. თუმცა, კომპანია საიდუმლოდ ინახავს მის ზუსტ რეცეპტს და მხოლოდ ირიბად მიანიშნებს მეორადი კულინარიული ზეთებისა და სხვა „განახლებადი ნედლეულის“ გამოყენებაზე. საწვავი უკვე იყიდება ესპანეთის 30 სადგურზე, ხოლო კომპანიის მიზანია, რომ 2026 წლის ბოლომდე ეკოლოგიური საწვავის სადგურების რაოდენობა 600-მდე, ხოლო 2027 წლისთვის 1900-მდე გაზარდოს.
მიზანი: ევროკავშირის დარწმუნება
თუკი ეს საწვავი უკვე იყიდება, რატომ სჭირდებათ ავტომწარმოებლებს ეს საპილოტე პროგრამა? პასუხი მარტივია — მათ სურთ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს დაუმტკიცონ, რომ ნახშირბადის ემისიების შემცირება სრული ელექტრიფიკაციის გარეშეც შესაძლებელია.
„ჩვენ გვჯერა, რომ განახლებად საწვავს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CO₂-ის შემცირებაში ელექტრიფიკაციის პარალელურად. გარდამავალ ეტაპზე სულ უფრო აშკარა ხდება რისკი, რომ 2035 წლისთვის 100%-ით ნულოვანი ემისიის მქონე ავტომობილებზე სრული გადასვლა ვერ მოხერხდება. ასეთ სცენარში კი, სწორედ განახლებადი საწვავი დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში“, — განაცხადა Toyota Europe-ის ვიცე-პრეზიდენტმა სამთავრობო ურთიერთობების დარგში, პასკალ რუშმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ უკან დაიხია 2035 წლისთვის შიგაწვის ძრავების სრული აკრძალვის გეგმიდან. ახალი დათქმით, 2035 წლის შემდეგ ახალი საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვა ნებადართული იქნება, თუკი ისინი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და განახლებად საწვავს გამოიყენებენ. მსგავსი პროექტები კი რეალურ შანსს აძლევს მილიონობით არსებულ ავტომობილს, დარჩნენ გზებზე და ამავდროულად გარემოც საგრძნობლად ნაკლებად დააბინძურონ.