ჰიბრიდი, ელექტრომობილი, მერსედეს ბენცი, მერსედეს-ბენცი ჯიელეი, მერსედეს ბენცი ჯიელეი
Aa
Aa

Mercedes-Benz-მა ახალი GLA წარადგინა | პირველად ისტორიაში, ელექტრო და ჰიბრიდული ვერსიებით

გერმანულმა ავტოგიგანტმა Mercedes-Benz-მა სრულად განახლებული GLA წარადგინა, რომელიც ოფიციალურად გაყიდვაში 2028 წლის (მოდელის) სახით გამოვა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Mercedes-ი თავის ახალ კროსოვერს როგორც სრულად ელექტრო, ასევე ჰიბრიდულ ვერსიებად შემოგვთავაზებს. ამასთან ერთად, ახალ ავტომობილში კომპანია არაერთ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებასაც გვთავაზობს, მათ შორის ძარის დიზაინში, რაც თვალითაც მარტივი შესამჩნევია.

ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

ცალკეულად, ელექტრო GLA ორ ვერსიად გამოვა. მაგალითად, GLA 250+ Electric-ის ვერსია 268 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო GLA 350 4Matic Electric — 349 ცხენის ძალას. შედარებით მძლავრი ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.3 წამს ანდომებს. გერმანული ავტომწარმოებლის ინფორმაციით, WLTP-ის სტანდარტით, ელექტრომობილის მაქსიმალური სვლის მარაგი 657 კილომეტრია. მოდელი 85-კილოვატსაათიანი ნიკელ-მანგანუმ-კობალტის ბატარეითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება GLA-ს ჰიბრიდულ ვერსიას, მასში ავტომწარმოებელმა სრულიად ახალი 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ბენზინის ძრავა ჩადგა. დამატებით კი, ეს მოდელი ელექტროძრავითა და ახალი, ელექტრიფიცირებული 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის (DCT) გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ცნობილია, რომ ჰიბრიდი დამატებით ორ სხვადასხვა ვერსიად იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ზუსტი მონაცემები კომპანიას ამ ეტაპზე არ გაუსაჯაროებია.

ახალი GLA ზომებშიც გაიზარდა. ბორბლებს შორის მანძილი 6 სანტიმეტრით გაიზარდა და 279 სანტიმეტრს შეადგენს. ამასთან, ავტომობილი 2 სანტიმეტრით უფრო დაბალია. თვლების ბაზის ზრდა კი სალონშიც აისახა. ახლა წინა მგზავრებს უფრო მეტი ფეხების სივრცე აქვთ, ხოლო უკანა რიგი დაახლოებით 4 სანტიმეტრით გაფართოვდა, რაც მგზავრების კომფორტულ მგზავრობას ნამდვილად წაადგება.

განახლებულ GLA-ს სრულიად ახალი ექსტერიერითაც ვიხილავთ. მაგალითად, ელექტროვერსიისთვის Mercedes-მა ახალი, განათებული ცხაურა შეარჩია, ქრომირებული ჩარჩოთი. ჰიბრიდული მოდელების შემთხვევაში კი ტრადიციული Star Grille დიზაინი შენარჩუნდება. კროსოვერში მარტივად შესამჩნევია ახალი წინა და უკანა მაშუქები, შეცვლილი ძარის პანელები და 18-დან 20-ინჩამდე დისკების ალტერნატივები. მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება AMG Line და Night Edition პაკეტებიც, რომლებიც ავტომობილს სპორტულ იერსა და ინტერიერის ექსკლუზიურ დეტალებს ამატებს.

ახალი Mercedes-Benz GLA ამერიკულ ბაზარზე 2027 წლის მეორე ნახევარში, 2028 წლის მოდელის სტატუსით გამოვა. უცნობია ოფიციალური ფასები, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი მოდელის საწყისი ღირებულება 45 000 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება. შედარებისთვის, არსებული, 2026 წლის GLA 250-ის ფასი აშშ-ში 42 850 აშშ დოლარიდან იწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები