ავტოკოლექცია, ზენდაია, ცნობილი ადამიანების მანქანები, ტომ ჰოლანდი
Aa
Aa

„ადამიანი-ობობას“ შთამბეჭდავი ავტომობილების კოლექცია | ტომ ჰოლანდის ავტოფარეხი

„ადამიანი-ობობასა“ და „ოდისეას“ პრემიერების შემდეგ, ტომ ჰოლანდი და ზენდაია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდნენ. თუმცა მათი შემოქმედების მიღმა, არანაკლებ ინტერესს წყვილის ავტოფარეხი იმსახურებს, რომელიც, შესაძლოა, ჩათვალოთ კიდეც, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი კოლექციაა. აქ შეხვდებით როგორც მაღალი წარმადობის მქონე ავტომობილებს, ისე სადა, თუმცა ძვირად ღირებულ მოდელებს.

ასევე დაგაინტერესებთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?

ოფიციალური მონაცემების არარსებობის გამო, დაზუსტებულად იმის თქმა, თუ რამდენი ავტომობილია წყვილის ავტოფარეხში, გაგვიჭირდება. ასევე უცნობია ყველა ის მოდელი, რომელსაც ჰოლანდი და ზენდაია ფლობენ, თუმცა ერთი რამ ფაქტია — სუპერქარებით დატვირთული ავტოფარეხის ნაცვლად, წყვილი უფრო მეტად ყოველდღიურად გამოსადეგ ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას.

ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი, რომელიც ტომ ჰოლანდს ჰყავს, Porsche Taycan Turbo S-ია — მაღალი წარმადობის, სრულად ელექტრო სედანი, რომელიც 952 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სუპერქარის შესაძლებლობების მქონე გერმანული ელექტრომობილი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.4 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 260 კმ/სთ-ზე ავითარებს. ერთი სრული დამუხტვით ეს მოდელი 630 კილომეტრზე მეტ მანძილზეც მოგემსახურებათ. თუმცა მსგავსი მახასიათებლების მიუხედავადაც, Porsche 4-კარიანი, საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილია, რომლის ყოველდღიურად გამოყენებაც შესაძლებელია. ამ მოდელის ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში $221 400-დან იწყება.

წლების განმავლობაში, ჰოლანდი Audi-ს სხვადასხვა მოდელის საჭესთანაც დაუფიქსირებიათ. მათ შორისაა ისეთი გამორჩეული ავტომობილები, როგორებიც Audi R8 და RS7 Sportback-ი გახავთ. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს RS7, რომელიც თავის ტვინტურბო V8 ძრავის სიმძლავრეს სადა დიზაინთან აერთიანებს და ყოველდღიური მართვის დროსაც მას ნაკლებად შესამჩნევს აქცევს. აქვე საინტერესოა, რომ წარსულში, Spider-Man-ის პროექტების ფარგლებში, ჰოლანდი Audi-ს არაერთ მოდელთან, მათ შორის ფუტურისტულ e-tron GT Concept-თანაც გამოჩენილა.

სავარაუდოდ, ჰოლანდის კოლექციაშია ექსკლუზიური, თეთრი ფერის Ferrari 488 Spider-ი, წითელი ინტერიერით. ეს შუაძრავიანი მოდელი, რომელიც 3.9-ლიტრიანი ტვინტურბო V8-ითაა აღჭურვილი, 661 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100-მდე 3 წამში ჩქარდება. ავტომობილის ფასი $280 000-დან იწყება, თუმცა ცვალებადია.

რაც შეეხება ზენდაიას, როგორც ცნობილია, მსახიობს მუქი მწვანე ფერის Range Rover SV ჰყავს. მოდელი მაღალი წარმადობის, კომფორტისა და შედარებით სადა დიზაინის კომბინაციაა. ავტომობილის ღირებულება $220 000-ის ფარგლებშია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები