სუპერქარები, აშშ, ტოიოტა, ტოიოტა ჯიარ ჯითი
Aa
Aa

ახალი Toyota GR GT აშშ-ში მიწოდების დაწყებამდე სრულად ამოიყიდა

Toyota-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბაზარზე ახალი GR GT-ის სრული „ტირაჟი“ ამოიყიდა. იაპონური ავტომწარმოებლის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოთხოვნის სრულად და ავტომატურად დაკმაყოფილებას შეგნებულად არ აპირებენ. კომპანიის მიზანია, ავტომობილები ნამდვილი ენთუზიასტების ხელშიც მოხვდეს, რომლებიც მათ რეალურად მართავენ და არ შეძენენ შემდგომში უფრო ძვირად გადასაყიდად. ამერიკის ბაზარი სულ 200-დან 250-მდე ეგზემპლარს მიიღებს და ყველა მათგანი უკვე დაჯავშნილია.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

Toyota-ს საავტომობილო ოპერაციების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ენდრიუ გილელენდმა გამოცემა The Drive-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის ენთუზიაზმით შექმნილი პროექტი, რომელიც აკიო ტოიოდას სურვილით დაიწყო, რათა ბრენდს მსოფლიო დონის სპორტული ავტომობილი ჰყოლოდა. მან დასძინა, რომ პირველი კვოტა უკვე სრულად გაყიდულია, თუმცა გლობალურად წარმოებული მოდელების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დასახელებულა.


გილელენდის თქმით, ღონისძიება The Quail-ზე 150-ზე მეტი პოტენციური მყიდველი პირადად შეხვდა Toyota-ს წარმომადგენლებს ავტომობილის კომპლექტაციის შესარჩევად, ისე, რომ ოფიციალურად შეკვეთების მიღება გამოცხადებულიც კი არ ყოფილა.

მიმდინარე წლის დასაწყისში Gazoo Racing-ის სპორტული ავტომობილების პროგრამის დირექტორმა, ჯეფ ბალმა განაცხადა, რომ კლიენტებს შეკვეთის განთავსებამდე სპეციალური შემოწმების ეტაპის გავლით უწევთ მწვანე შუქის მიღება. ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა მყიდველებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომელიც გარკვეული ვადით ავტომობილის გადაყიდვას კრძალავს, თუმცა ეს სრულებით მოსალოდნელია.

Toyota-ს GR სერიის ახალი ფლაგმანი აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ჰიბრიდული ძრავით, რომელიც 641 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამომუშავებს და დაწყვილებულია 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. ბოლო ცნობებით, ავტომობილის საწყისი ფასი 220 000 დოლარს გადააჭარბებს, რაც Toyota-სთვის საკმაოდ მაღალი ფასია, თუმცა ასეთი ლიმიტირებული სუპერქარისთვის სრულიად ადეკვატურია. პირველი მყიდველები ავტომობილებს მომავალ წელს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები