აირტონ სენა, საიუბილეო მოდელი, წყლის სკუტერი, სი-დუ
Aa
Aa

Sea-Doo-მ აირტონ სენას ხსოვნას უმძლავრესი წყლის სკუტერი მიუძღვნა

ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონ აირტონ სენას უყვარდა ყველაფერი, რასაც მაღალი სიჩქარის განვითარება შეეძლო. დისტანციურად მართვადი თვითმფრინავებიდან და ნავებიდან დაიწყებული, რეალური ავიაციითა და წყლის ტრანსპორტით დამთავრებული — მას ყველაფერი აინტერესებდა. თუმცა განტვირთვისთვის სენა ხშირად თავის სანაპიროს სახლებს ირჩევდა, სადაც ყოველთვის მოიპოვებოდა სხვადასხვა ტიპის წყლის ტრანსპორტი. ბრაზილიაში თუ პორტუგალიაში, ის ყველაზე ხშირად წყლის სკუტერებით ერთობოდა და უამრავი ვიდეო მასალაც არსებობს, სადაც ჩანს, თუ რამდენად ოსტატურად მართავდა მათ. ახლა კი BRP სენას ხსოვნას პატივს მიაგებს ახალი, შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული წყლის სკუტერით — Sea-Doo RXP X Senna 350.

ორადგილიანი სკუტერი ბრაზილიის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, რაც ასევე სენას ლეგენდარული ჩაფხუტის დიზაინს მოგვაგონებს. ეს ნამდვილი სუპერქარია, თუმცა ასფალტის ნაცვლად ტალღებზე გადაადგილდება. ტრანსპორტს წინა ნაწილსა და გვერდებზე დატანილი აქვს სენას ცნობილი ორმაგი "S" ლოგოტიპი, მისივე ატრიბუტიკისთვის დამახასიათებელ ორ სლოგანთან ერთად: Seek Your Truth („იპოვე შენი სიმართლე“) და Born to Win („დაბადებული გამარჯვებისთვის“). მაჩვენებელთა პანელზე ასევე განთავსებულია სპეციალური ფირფიტა სერიული ნომრით.

RXP X Senna 350 აღჭურვილია ახალი Rotax 1630 ACE ძრავით, რომელიც 350 ცხენის ძალას გამომუშავებს — რთული წარმოსადგენია, რას ნიშნავს ასეთი სიმძლავრე ტრანსპორტზე, რომელიც 360 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. BRP ოფიციალურად არ აქვეყნებს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დროებს, თუმცა RideApart-ის მიერ ჩატარებულ ტესტებში 25 ცხენის ძალით ნაკლები სიმძლავრის მქონე მოდელმა ეს ნიშნული 3.4 წამში დაფარა. შესაბამისად, თეორიულად, ეს ვერსია 3-წამიან ზღვარს კიდევ უფრო უახლოვდება.

დაინტერესებულ მყიდველებს Sea-Doo RXP X Senna 350-ის წინასწარი შეკვეთა ოფიციალური საიტიდან უკვე შეუძლიათ, თუმცა მიწოდების ზუსტი თარიღი მითითებული არ არის. კომპანიას ოფიციალურ პრესრელიზში ფასი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ანალოგიური მოდელის საწყისი ღირებულება სენას თემატიკის გარეშე დაახლოებით $25 000-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები