არასრულწლოვნებისთვის "სქროლზე" დგომის რეგულირებისთვის კანონპროექტი მზადდება
საქართველოში, არასრულწლოვნებისთვის ორბორბლიან თვითგორიალაზე (ე.წ. სქროლზე) დგომის რეგულირებისთვის კანონპროექტი მზადდება. ამის შესახებ BM.GE წერს და აღნიშნავს, რომ ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს.
ახალი ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოკლე განმარტების თანახმად, ცვლილება ძირითადად არასრულწლოვნებს შეეხება და მათთვის კონკრეტულ რეგულაციებს განსაზღვრავს, თუმცა განმარტებით ბარათში დაგეგმილი რეგულირების ზუსტი მოდელი აღწერილი არაა.
„ბოლო პერიოდში საგზაო მოძრაობაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა მათი უსაფრთხო გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხიც, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომი დახვეწის საჭიროებას განაპირობებს.
საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას“, — ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, 2025 წლიდან სკუტერების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის აღრიცხვა დაიწყო. გასულ წელს სულ აღირიცხა 106 შემთხვევა, რომელთა შედეგადაც 109 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა. 2026 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით კი სულ აღირიცხა 28 ავტოსაგზაო შემთხვევა სკუტერის მონაწილეობით, რომელთა შედეგადაც 33 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.