მთის ფერდობზებე მიტოვებული Chevrolet-ის გამოყვანა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეძლეს
კოლორადოს შტატში, მთის ფერდობზე, თითქმის ერთი წლის განმავლობაში Chevrolet-ის ძველი საევაკუაციო მანქანა იყო გაჩერებული. მანქანა ადგილობრივ კომპანია Milo’s Towing and Recovery-ს ეკუთვნის და აქ 2025 წელს მოხვდა, მაშინ, როდესაც ერთ-ერთი სამაშველო ოპერაციის დროს გზიდან გადავარდა.

შემთხვევა 2025 წლის 29 სექტემბერს მოხდა: კომპანიის თანამშრომლები გამოძახებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც თოვლით დაფარულ გზაზე მათი ძველი, კვადრატული ფორმის Chevy კლდოვან მონაკვეთზე მოცურდა და გზიდან გადავარდა. მძღოლმა მანქანის გამოსაყვანად მისი ხესთან მიბმა გადაწყვიტა, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. მიწის საფარი ჩამოიშალა და Chevrolet-ისა და მისი მძღოლისთვის ბევრად სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა მანქანა სერიოზულად დაზიანდა.
კომპანიის მფლობელის, კრის ფრეის, განცხადებით, ზამთრის დადგომასთან ერთად, Chevy-ს გამოყვანა მით უფრო სახიფათო ხდებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს, ოპერაცია გაზაფხულამდე გადაედოთ და აღნიშნულის შესახებ სატყეო სამსახურსაც აცნობეს.
ასე აღმოჩნდა Milo’s Towing and Recovery-ის Chevrolet-ი მთის ფერდობზე და იქ მთელი ზამთარი გაატარა. თავისივე ლოგოებით, სანომრე ნიშნებით, VIN-კოდით და კომპანიის ტელეფონის ნომრითაც კი.

თუმცა ამ Chevy-ს შესახებ ალბათ არც არავის ეცოდინებოდა, რომ არა კიდევ ერთი საევაკუაციო კომპანიის მფლობელი, ზაკ ბიმენი. ბიმენმა, რომელიც სოციალურ ქსელებში Zacstrax-ის სახელით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, მთაზე გაჩერებული მანქანა 2026 წლის მაისში აღმოაჩინა. ამის შემდგომ კი Milo’s Towing and Recovery-ს დაუკავშირდა და მთიდან Chevrolet-ის გამოყვანა შესთავაზა. თუმცა მხარეები მომსახურების ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
უარის მიღების შემდეგ, ბიმენმა კომპანია სოციალურ ქსელში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ავტომობილი მთაზე თვეობით არ უნდა დაეტოვებინათ. მისმა პოსტმა დიდი ყურადღებაც დაიმსახურა, თუმცა მოგვიანებით წაიშალა.

ფრეის განმარტებით, მათი ძველი Chevy-ს მიტოვება მისი მიზანი არასდროს ყოფილა. მისივე ინფორმაციით, ბიმენმა მანქანის გამოყვანა $3 000-დან $5 000-მდე სანაცვლოდ შესთავაზა, რაზეც მან უთხრა, რომ ამ თანხის გადახდას მანქანის იქ დატოვება ერჩივნა, თუმცა სამუდამოდ დატოვება არ უგულისხმია. ფრეის თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ Chevrolet-ს კომპანიის ლოგოები, ტელეფონის ნომერი, სანომრე ნიშნები და VIN-კოდი კვლავ ჰქონდა.
მთის ფერდობიდან Chevrolet-ი საბოლოოდ 2026 წლის 25 აგვისტოს მაინც გამოიყვანეს. მაგრამ ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა და გზაში მანქანის უკანა ხიდიც კი შუაზე გაიბზარა.