უგზოობა, მიცუბიში, ეს იუ ვი, მიცუბიში პაჯერო, მიცუბიში პახერო
Aa
Aa

Mitsubishi Pajero დაბრუნდა და უგზოობის სეგმენტის დასაპყრობად ემზადება!

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, Mitsubishi თავის ლეგენდარულ უგზოობის მოდელს წარმოებაში აბრუნებს! ახალი Pajero ბრენდის გლობალური ფლაგმანი გახდება და სრულფასოვანი Off-Road SUV-ების ბაზარს შეუტევს. ეს ავტომოყვარულებისთვის დიდებული ამბავია, რადგან 1990-2000-იან წლებში მოდელი უგზოობის სეგმენტში დომინირებდა და დაკარის რალიზე ტრიუმფიც არაერთხელ იზეიმა. 

ასევე იხილეთ: ტყუილი, რომელმაც Mitsubishi-ის დინასტია გაანადგურა

„მკვდრეთით აღმდგარ“ ავტომობილს აქვს აგრესიული, კუთხოვანი ჩარჩოვანი დიზაინი, T-სებრი LED ფარები, მასიური დამცავები და Pajero-ს წარწერები. SUV-ის სიგრძე 4920 მმ-ია, რაც მას პირდაპირ Toyota Land Cruiser 250 (Prado)-ს კონკურენტად აქცევს.

ინტერიერი 3-რიგიანია (7-ადგილიანი) და სალონი მაღალი ხარისხის მასალებითაა გაწყობილი. ცენტრალურ პანელზე განთავსებულია წყვილი 14.3-დუიმიანი ეკრანი, სადაც ძველი Pajero-ს ტრადიციისამებრ, უგზოობის მაჩვენებლები ციფრულად გამოდის (კომპასი, დახრის კუთხე, სიმაღლე ზღვის დონიდან და ა.შ.).


რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ახალი Pajero აგებულია Triton პიკაპის განახლებულ ჩარჩოზე, თუმცა მიიღო სპეციალურად მისთვის შემუშავებული დამოუკიდებელი საკიდარი (Double-Wishbone წინა და 5-Link უკანა), რომლის სრულყოფაშიც დაკარის რალის ინჟინრებიც მონაწილეობდნენ. კაპოტის ქვეშ 2.4-ლიტრიანი ტურბოდიზელი იმალება, რომელიც 201 ცხენის ძალასა და 480 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. სიმძლავრე კი ბორბლებს ახალი 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გადაეცემა. ავტომობილი საფირმო S-AWC სრული ამძრაობის სისტემა Active Yaw Control-ითა და რელიეფის 7 რეჟიმითაა აღჭურვილი. 230 მმ0იანი კლირენსი და 30.4°-იანი შესვლის კუთხე კი ჭეშმარიტ გამავლობას უზრუნველყოფენ.


ავტომობილის წარმოება ტაილანდში დაიწყება. პირველი გაყიდვები ტაილანდში, იაპონიასა და ავსტრალიაში 2027 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება, რის შემდეგაც Pajero მსოფლიოს 100-ზე მეტ ბაზარზე გავა (ზოგ ქვეყანაში Montero-ს სახელით გაიყიდება). გარდა ამისა, Mitsubishi გეგმავს Pajero ცალკე ლოკალურ სუბ-ბრენდად აქციოს და მომავალში ამ ხაზში კომპაქტური ქროსოვერი და Kei-Car-იც კი აწარმოოს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები