Audi-ს უფროსი: რაც უფრო მეტს იხდიან მანქანაში, მით მეტად სურთ ბენზინის ძრავი
Audi-ც, სხვა მსხვილი ავტომწარმოებლების დიდი ნაწილის მსგავსად, სრულად ელექტრომობილებზე გადასვლის გეგმის გადახედვას გეგმავს. გერმანული ავტომწარმოებელი, რომელიც 2032 წლისთვის შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, ახლა ამბობს, რომ ტრადიციული, ბენზინის ძრავის მქონე მანქანების გამოშვებას „განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებს“.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა კარლ ბენცის მოსწავლემ Audi?
გერმანული ავტომწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორის, გერნოტ დიოლნერის განცხადებით, ავტომობილების ფასისა და კლასის მატებასთან ერთად, მომხმარებლები უფრო მეტად სწორედ შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებით არიან დაინტერესებულნი. გამოდის, რომ რაც უფრო მეტს იხდიან მძღოლები, ტრადიციული მანქანების მიმართ ინტერესი უფრო მაღალია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რაც უფრო მაღალი კლასისაა სეგმენტი, მით უფრო უყვარს ენთუზიასტ მომხმარებელს შიგაწვის ძრავა, ხოლო დაბალ სეგმენტში ელექტრომობილები მით უფრო მისაღებია“, — განაცხადა დიოლნერმა Bloomberg-თან საუბრისას.

Audi-ს ხელმძღვანელის განმარტებითვე, სწორედ მომხმარებელთა ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისათვის, რომ კომპანიას ახალი და ძვირად ღირებული Nuvolari-სთვის დიდი მოცულობის V8 ძრავი აერჩია. ავტომობილის საფუძვლად Lamborghini Temerario-ს ტექნოლოგიური ბაზაა გამოყენებული და ის მაღალი კლასის მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი.
ეს მიდგომა Audi-სთვის განსაკუთრებით საინტერესო ცვლილებაა, რადგან კომპანია რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ 2032 წლისთვის ელექტრომობილებზე სრულად გადავიდოდა. თუმცა, სხვა მსხვილი ავტომწარმოებლების მსგავსად, ელექტრიფიკაციის თავდაპირველი გეგმები შეარბილა.

Audi-ს ისტორიაში დიდი მოცულობის ძრავებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. წარსულში ავტომწარმოებელი A8-ის ფლაგმანურ სედანში W12 ძრავს იყენებდა, ხოლო Q7-ისთვის დიზელზე მომუშავე V12 ძრავიც კი შექმნა. მოგვიანებით კი მის საფუძველზე R8-ის V12 TDI კონცეპტიც წარმოადგინა, რომელსაც 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.
დღეს უკვე ეს ძრავები აღარ იწარმოება. R8-ის ატმოსფერული V10 ძრავის ეპოქაც დასრულდა. ამის მიუხედავად, Audi-ში V6 და V8 მომავალში, შესაძლოა, ისევ ვიხილოთ. მაგალითად, RS5-ში, რომელიც RS4-ის შემცვლელია, კომპანია V6 ძრავს ინარჩუნებს. დამატებით კი, V6-ის გამოყენება განიხილება RS6-ის სედანისა და უნივერსალის ვერსიებში.