აშშ-ში 17 წლის მოზარდი პოლიციისგან გაქცევისას თვითმფრინავს დაეჯახა
ავტოსაგზაო დევნა, რომელიც უბრალო საგზაო ინციდენტით უნდა დასრულებულიყო, კინემატოგრაფიულ კატასტროფად იქცა. ამერიკაში, ნიუ-ჰემპშირში, 17 წლის მოზარდი, რომელიც Ford Mustang-ით პოლიციას ემალებოდა, აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა და გაჩერებულ თვითმფრინავს დაეჯახა.
ინციდენტი პორტსმუთის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, პატრულმა შავი ფერის, 2008 წლის Ford Mustang-ის გაჩერება სავარაუდო სამართალდარღვევის გამო სცადა. მძღოლი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა, მაშუქები გამორთო და მაღალი სიჩქარით გაქცევა სცადა.
ბნელ ქუჩებში ხიფათით სავსე მანევრები იმით დასრულდა, რომ Mustang-მა აეროპორტის დამცავი ღობე გაანგრია და პირდაპირ თვითმფრინავების პარკინგის ზონაში აღმოჩნდა. სანამ გაჩერდებოდა, ავტომობილმა ჯერ აეროპორტის მომსახურე სატვირთოს გაჰკრა გვერდი, შემდეგ კი გაჩერებულ Pilatus PC-12 ტიპის სამგზავრო/ბიზნეს-თვითმფრინავს ძლიერად შეასკდა.

დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა სრულად განადგურდა. ცნობისთვის, Pilatus PC-12-ის ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ფრთისა და შასის ასეთი დაზიანება, შესაძლოა, თვითმფრინავის სრულ ჩამოწერას ნიშნავდეს.
თვითონ Ford Mustang-ისგან პრაქტიკულად აღაფერი დარჩა. 17 წლის მძღოლი პოლიციამ ადგილზე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. პოლიციის ინფორმაციით, მოზარდი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მას ბრალი ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ნასვამი მართვისთვის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უხეში დარღვევისთვის წაუყენეს.