ავარია, სუპერქარები, ბუგატი, ფოლკსვაგენი, ბუგატი ტურბილონი, ფოლკსვაგენ პოლო
Aa
Aa

17 000-ევროიანი Volkswagen-ი თავისზე 200-ჯერ ძვირ Bugatti-ს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა ალბათ არ არსებობს მძღოლი, რომელსაც სურს, რომ გზაზე რამდენიმემილიონიან Bugatti-ს დაეჯახოს — მით უმეტეს, მის უახლეს პროტოტიპს. სწორედ ასეთი კურიოზული და ამავდროულად კოშმარული შემთხვევა მოხდა ესპანეთში, სადაც Volkswagen Polo-ს მძღოლი Bugatti Tourbillon-ის სატესტო პროტოტიპს უკნიდან შეეჯახა.

ინციდენტი ესპანეთში, სიერა-ნევადას მთიან გზაზე მოხდა და ის ვიდეოზეც აღიბეჭდა. კადრებში ჩანს, რომ შენიღბული Bugatti Tourbillon-ი წინ მიმავალ Kia XCeed-ს მიჰყვებოდა, ხოლო მის უკან VW Polo გადაადგილდებოდა. საგზაო სამუშაოებთან არსებულ დროებით შუქნიშანთან Kia-მ და Bugatti-მ დამუხრუჭება მოასწრეს, თუმცა Polo-ს მძღოლმა დროულად რეაგირება ვერ შეძლო — ვიდეოში საბურავების წრიპინის ხმა ისმის, რასაც შეჯახება მოსდევს.

ციფრები და შედარება მართლაც შოკისმომგვრელია — Volkswagen Polo-ს საწყისი ფასი ესპანეთში დაახლოებით 16 900 ევროდან იწყება. Bugatti Tourbillon-ის საბაზო ფასი კი გადასახადების გარეშე 3.8 მილიონი ევროა (დაახლოებით $4.4 მილიონი დოლარი).

ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი სტანდარტული Bugatti Tourbillon-ის ფასად 208 ცალი სრულიად ახალი Volkswagen Polo-ს ყიდვაა შესაძლებელი! ამას ემატება ის ფაქტიც, რომ დაზიანებული ავტომობილი კლიენტის კი არა, ქარხნული სატესტო პროტოტიპია, რაც მის რეალურ ღირებულებასა და ნაწილების ფასს კიდევ უფრო განუსაზღვრელს ხდის.

ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის დაზიანება მიიღო ჰიპერქარმა ან როგორ მოგვარდება ზარალის ანაზღაურების საკითხი, თუმცა Polo-ს მძღოლის სადაზღვევო კომპანიას ნამდვილად მძიმე დღეები ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები