BMW-ის ლეგენდარული ტუნერი დახურვას გადაურჩა | ვინ შეისყიდა კომპანია?
BMW-ს გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. გერმანული მარკის მოდელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტუნერი, AC Schnitzer-ი, დახურვას გადაურჩა. კომპანია ჰოლანდიურმა AM Group-მა მისი დამფუძნებლებისგან, KOHL Automotive-ისგან, შეისყიდა.
2026 წლის ბოლომდე საქმიანობის შეწყვეტის შესახებ AC Schnitzer-მა რამდენიმე თვის წინ განაცხადა. მაშინ კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად ავტომობილების მოდიფიკაციისთვის საჭირო ნაწილების, დიზაინის შექმნის, განვითარებისა და წარმოების მზარდი ხარჯი დაასახელა. AC Schnitzer-ი აცხადებდა, რომ ბოლო წლებში მოდიფიცირებისა და წარმოების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, რაც მათთვის მუშაობის გაგრძელების პროცესს ართულებდა.

დახურვის მიზეზებს შორის კომპანია გერმანიაში პროდუქციისთვის საჭირო მარეგულირებელი ნებართვების მიღების ხანგრძლივ პროცესსაც ასახელებდა, რაც მათ უცხოურ კომპანიებთან კონკურენტულად არათანაბარ პირობებში აყენებდა. ასევე, მისთვის გამოწვევას ელექტრომობილების ეპოქაზე გადასვლაც წარმოადგენდა და ღიად აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდში კომპანიას ახალგაზრდა მომხმარებლების დაინტერესებაც უჭირდა.
AC Schnitzer-ი 1987 წლიდან BMW-ს ავტომობილებისთვის მაღალი წარმადობისა და ვიზუალური მოდიფიკაციების შექმნითაა ცნობილი. ეს ისტორია კი მოდიფიცირებული მეშვიდე სერიის E32-ით დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიის ცნობადობა, ისევე როგორც მისი პორტფელი, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

AC Schnitzer-ი 1987 წელს ვილი კოლმა და ჰერბერტ შნიცერმა, როგორც Kohl Automobile GmbH-ის შვილობილი კომპანია, დააარსეს. BMW-ის ტუნინგის გარდა, რომელიც მის ერთ-ერთ ძირითად ხაზს წარმოადგენდა, AC Schnitzer-ი ტურინგებსა და რალის ავტომობილებზეც მუშაობდა. მოდიფიცირებული E63 M6-ითა და LPG-ზე მომუშავე 335i-ით კომპანიის სახელზე მსოფლიო რეკორდებიც ირიცხება. AC Schnitzer-ის არაერთმა პროექტმა სარბოლო ტრასებზეც მიაღწია წარმატებას. მათ შორის იყო ACL2, რომელიც BMW M240i-ის ბაზაზე შეიქმნა, და AC Schnitzer M5, რომლებმაც ნიურბურგრინგზე წრეზე დროის რეკორდებიც დაამყარა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ შეეცდება ახალი მფლობელი ამ პრობლემების გადაჭრას და დარჩება თუ არა AC Schnitzer-ი მხოლოდ BMW-ს ავტომობილებზე ორიენტირებულ ბრენდად. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კომპანიამ საქმიანობის სფეროც გააფართოვა და MINI-ს მოდელებთან ერთად, Toyota Supra-ს მოდიფიცირებაც დაიწყო. თუმცა, როგორც MINI, ასევე Toyota-ს ეს კონკრეტული მოდელიც BMW-სთან კავშირშია. კერძოდ, Supra BMW-სთან თანამშრომლობით, G29 თაობის Z4-ის ტექნიკურ ბაზაზე შეიქმნა.

AM Group-ში აცხადებენ, რომ მათ AC Schnitzer-ის ისტორიისა და რეპუტაციის მნიშვნელობა კარგად ესმით და სურთ, ბრენდმა თავისი იდენტობა შეინარჩუნოს. AM Group-ი ამჟამად 30 ქვეყანაში ოპერირებს და რამდენიმე საავტომობილო ბრენდს აერთიანებს, მათ შორის Urban Automotive-ს, რომელიც Land Rover-ის ავტომობილების მოდიფიკაციებითაა ცნობილი, ასევე UBC Composites-ს, GP Products-სა და Absolute Motors-ს.