Subaru Boxer ძრავის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს | როგორ ააგეს იაპონელებმა იმპერია ერთ აგრეგატზე?
ხშირად ბრენდების იდენტობას მათი საფირმო ძრავები განსაზღვრავს. თუ ოპოზიტურ ოთხცილინდრიან ძრავს ვახსენებთ, მწარმოებლის დასახელებაც კი არ არის საჭირო, არა? მართალია, ამ კონფიგურაციის ისტორია Subaru-მდე დაიწყო, თუმცა სწორედ იაპონური ავტომწარმოებელი ინარჩუნებს მას აქტუალურად. 2026 წელს EA-52 ძრავა 60 წლის ხდება, რადგან ლეგენდის დებიუტი 1966 წელს, Subaru 1000-ში შედგა.
ასევე იხილეთ: ცუნამს გადარჩენილი ლურჯი Subaru - ავტოპორტრეტი
Subaru 1953 წელს დაარსდა და ბაზარზე ოთხკარიანი სედანი Subaru 1500 გამოიყვანა, რომელიც 1.5-ლიტრიანი ერთრიგა 4-ცილინდრიანი აგრეგატით აღჭურვა. საწყის ეტაპზე კომპანია მცირე მოცულობის ერთრიგა ძრავებს იყენებდა — ოპოზიტურ ძრავამდე ჯერ კიდევ ათწლეულზე მეტი რჩებოდა.
Subaru 1000 წინაამძრავიანი მოდელი იყო და იაპონურ ავტოინდუსტრიაში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია — არა მხოლოდ ძრავის განლაგებით, არამედ იმითაც, რომ ის იაპონიის მთავრობის ოფიციალური კლასიფიკაციით პირველი კომპაქტური ავტომობილი გახდა.

ოპოზიტურმა ძრავმა Subaru-ს საშუალება მისცა გამორჩეულიყო იაპონიის ომისშემდგომი ბუმის პერიოდში. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 590 000-დან 5 წელიწადში 2.37 მილიონამდე გაიზარდა. Subaru 1000-ის 83 696-იანმა გაყიდვებმა ბრენდს მიკროავტომობილების სეგმენტის მიღმა დამკვიდრებაში შეუწყო ხელი.
და რატომ დარჩა იაპონური ბრენდი ამ აგრეგატის ერთგული ამდენი ხნის განმავლობაში? როგორც ნებისმიერ ინჟინრულ გადაწყვეტას, ოპოზიტურ ძრავსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები — მაგალითად, 4-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავი ბუნებრივად უკეთესად დაბალანსებულია, ვიდრე ძრავების უმეტესობა — საპირისპიროდ მოძრავი დგუშები ერთმანეთის ვიბრაციას აბალანსებენ. გარდა ამისა, მას "ბრტყელ" (Flat) ძრავს უწოდებენ, რადგან ცილინდრები ჰორიზონტალურად მდებარეობს, რაც ავტომობილის სიმძიმის ცენტრს დაბლა სწევს და მართვადობას აუმჯობესებს. ავარიის დროს, ძრავის დაბალი განლაგების გამო, ის სალონში შეჭრის ნაცვლად ავტომობილის იატაკის ქვეშ სრიალებს, რაც ასევე დიდი პლუსია...

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მისი აწყობა და შეკეთება უფრო რთულია. მაგალითად, ერთრიგა 4-ცილინდრიანს მხოლოდ 1 ცილინდრების ბლოკის თავი სჭირდება, ოპოზიტურს კი — 2. გარდა ამისა, ძრავის დიდ სიგანეს სპეციალურად დაპროექტებული ძრავის ნაკვეთური სჭირდება, რაც ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
10 წლის წინ, 50 წლის იუბილეზე, Subaru-მ 15 მილიონი Boxer ძრავის გამოშვება აღნიშნა. დღეისათვის ეს ციფრი 20 მილიონს საგრძნობლად აჭარბებს.

შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიტური ძრავი თავის დროს უსწრებდა. თანამედროვე ელექტრომობილების ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ იატაკზე გადანაწილებული წონა და სიმძიმის დაბალი ცენტრია — ზუსტად ის, რასაც Subaru Boxer ძრავით ათწლეულების განმავლობაში სთავაზობდა მომხმარებელს. შიგაწვის ძრავების ეპოქა ადრე თუ გვიან დასასრულს მიუახლოვდება, თუმცა მანამდე Subaru-ს ოპოზიტური ძრავი ამტკიცებს, თუ რამდენად დიდხანს შეიძლება იცოცხლოს გენიალურმა ინჟინრულმა იდეამ.