ელექტრომობილების ბუმი ევროპაში | სექტემბერში გაყიდვები 70%-ით გაიზარდა
ევროპის ბაზარზე ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების რეგისტრაციები სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 70.3%-ითაა გაზრდილი. ზრდას ხელს ნავთობის მაღალი ფასები, სახელმწიფო სუბსიდიები და რეგიონში შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილების შეთავაზებების მატება უწყობს.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
E-Mobility Europe-ის, New Automotive-ისა და Automotive-ის მონაცემებით, სექტემბერში ევროპის 17 ძირითად ბაზარზე გაყიდული ახალი ავტომობილებიდან თითქმის მესამედი სრულად ელექტრო იყო. ეს კი იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთი და გერმანია ევროპის კავშირს გამონაბოლქვზე რეგულაციების შერბილების მოთხოვნით მიმართავენ.
2026 წლის სექტემბერში ევროპაში 300 202 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რის შედეგადაც რეგიონში ამ ტიპის ავტომობილების ბაზრის წილმა 32.6% შეადგინა.

საერთო ჯამში კი, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ევროპაში სულ 1.98 მილიონი ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 38.1%-ით აღემატება.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განსხვავებებს: საფრანგეთში სექტემბერში ელექტრომობილების ბაზრის წილმა 41.7% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ 65 243 ელექტრომობილი დარეგისტრირდა. გერმანიაში კი 88 724 ელექტრომობილი დარეგისტრირდა და ბაზრის წილი 34.6%-მდე გაიზარდა.

ელექტრომობილების გავრცელების მხრივ ევროპის ქვეყნებს შორის კვლავ ჩრდილოეთი ნაწილი ლიდერობს. კერძოდ, სექტემბრის მონაცემებით, ნორვეგიაში მათი წილი 98.8% იყო, დანიაში — 88.8%, ფინეთში — 62.7%, ხოლო შვედეთში — 49%.
ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი ჩეხეთში, იტალიასა და პოლონეთში დაფიქსირდა — შესაბამისად, 11.2%, 7.6% და 6.2%.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს