1907 წლის Autocycle-ი 72 კმ/სთ-იანი ავტომობილი იყო
იყო თუ არა 1907 წლის Autocycle-ი აღმოჩენა? თუ მის ერთ წლიან წარმოებას და არცერთი რეპლიკის შექმნას გავითვალისწინებთ, მაშინ - არა. თუმცა, ავტოცილკი ნამდვილად უნიკალური იყო, განსაკუთრებით მისი ბორბლების კონფიგურაცია.
ეს Vandegrift Automobile-ის ნაწარმია, რომელიც ფილადელფიაში დაფუძნებული კომპანია გახლდათ. უცნაური ვიზუალის ტრანსპორტს ველოსიპედის ოთხი ბორბალი ჰქონდა, რომლის სხივებიც ბრილიანტისებრად იყო შექმნილი. წინ დიდი ზომის ბორბალი იყო დამონტაჟებული, გვერდითა ორი ბორბალი სტაბილიზაციას უზრუნველყოფდა, ხოლო უკანა სწორ ბალანსს. ბორბლების ამგვარი განლაგება მანქანას მოხვევის მოკლე რადიუსსაც ანიჭებდა.
ახალი ამბების მაშინდელი გამოცემის მიხედვით, ჯეიმს ვანდერგრიფტი, ჰენრი მორისისა და პედრო სალომის დახმარებით, ელექტრო ავტომობილებს ქმნიდა. მათი ერთ-ერთი ნაწარმი კი ველოსიპედის პრინციპზე დაფუძნებული მოდელი გახლდათ. ამის გამო ახალ ქმნილებას Autocycle-ი დაარქვეს. სიმძლავრეს, რომელიც უკანა ბორბალზე იყო მიმართული, 6-ცხენისძალიანი, 2-ცილინდრიანი, ჰაერის გაგრილებაზე მომუშავე ძრავა ქმნიდა. 172 კგ-იან Autocycle-ს ორი მგზავრის გადაყვანა 72 კმ/სთ-ით შეეძლო.
- „ეს ავტომობილი მძიმეწონიან მგზავრს უპრობლემოდ გადაიყვანს მაშინაც, როდესაც ის შუაში ჯდომის ნაცვლად, რომელიმე მხარეს დაჯდება“ - განაცხადა ვანდერგრიფტმა ერთ-ერთ გამოცემაში. –„ველოსიპედის პრინციპი მაშინ სრულდება, როდესაც ავტომობილი სრულად დაბალანსებულია და წონები გათანაბრებულია. ამ პრინციპის მიხედვით, მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად დამატებითი წონა დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ გახლავთ.“
ეს ყველაფერი კი სწორი ინჟინერული გათვლების წყალობით იქნა შესრულებული. დამაბალანსებელი ღერძი და ამორტიზატორები ერთმანეთთან ისე იყო დაკავშირებული, რომ მგზავრის ზონა ბორბლებზე თანაბრად ნაწილდებოდა. შესაბამისად, ბორბლები გზის ზედაპირთან შემხებლობაში სულ იყო, რაც მაქსმალური სიჩქარის განვითარების საშუალებას თავისუფლად იძლეოდა.
სამწუხაროდ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი Autocycle-ი შექმნა ვანდერგრიფტმა უცნობია. თუმცა, ფაქტია, რომ ამ ავტომობილმა პოპულარობის მოპოვება ვერ შეძლო. მიზეზი გზის უხეშ ზედაპირზე არამანევრულობა და მოუხერხებლობა გახლდათ. თუმცა, 1907 წელს, მსგავსი დიზაინერული კონსტრუქციის იდეა და 72 კმ/სთ-იანი მცირე ზომის ავტომობილის შექმნა ნამდვილად დასაფასებელი საქმეა.